აბაშიძემ და კარასინმა სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე 13 ივნისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ 14 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ „ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე“.
მან აღნიშნა, რომ „ადგილი აქვს ამ რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები“.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაც აღინიშნა.
ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები
შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა განაცხადეს, რომ აბაშიძემ და კარასინმა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტრანსპორტის და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, „ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროებში ჩართული ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქამია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა კვლავაც წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების „ფუნდამენტს“.
„მიუხედავად ორმხრივი საქონელბრუნვის გარკვეული შენელებისა, რუსეთი რჩება საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორად და ქართული პროდუქციის, პირველ რიგში კი – ღვინის, უმსხვილეს იმპორტიორად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული პროდუქციის წილი რუსულ ბაზარზე იზრდება, სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა ვითარდება და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავიაგადაზიდვების შემდგომი გაფართოების შესაძლებლობას შეისწავლიან.
მხარეებმა საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ე.წ. „ლუგარის ლაბორატორიას“, საქართველოში მოქმედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს, რომელიც პერიოდულად ბიოლოგიური იარაღის თაობაზე რუსეთის მიერ გავრცელებული ყალბი ბრალდებების სამიზნე ხდება.
აშშ-სთან და ნატოსთან ურთიერთობები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ „აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები წინააღმდეგობაშია ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის არამეგობრულ რიტორიკასთან“. „ნატოს და აშშ-ის აქტიურობა რეგიონში სტაბილურობისთვის საშიშ ხასიათს იძენს. პერსპექტივაში, ამან შეიძლება უარყოფი გავლენა იქონიოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
აბაშიძესთან შეხვედრამდე რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, კარასინმა განაცხადა, რომ „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ატმოსფერო არ არის მარტივი“, რადგან რაც უფრო „ვშორდებით სააკაშვილის პერიოდის მტრულობისა და კონფრონტაციულობის ჩიხს, ვლახავთა რა ყველა სირთულეს და ვამყარებთ ნორმალურ ურთიერთობებს ადამიანებსა და ხალხებს შორის“, მით უფრო იგრძნობა ნერვიულობა ვაშინგტონსა და ბრიუსელში (ნატო-ში).
კარასინმა განაცხადა:
„დასავლეთში ნერვიულობა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობები მყარდება. [ეს] ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო უკვე არის გარკვეული ბლოკის ნაწილი და მასზე დაყდნობა შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული არამეგობრული გარკვეული ქმედებების შემთხვევაში, მით უფრო, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს არის. ეს ხალხი გააქტიურდა“.
კარასინმა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს „ღია განცხადება, რომ საქართველოს ნატოში მიღება უნდა დაჩქარდეს“ და აღნიშნა, რომ ეს „დამღუპველი“ იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისათვის.
კარასინმა კომენტარი მაიკ პომპეოს იმ განცხადებაზეც გააკეთა, სადაც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი და მსგავსი პროექტები „ააცილებს საქართველოს საფრთხეს, გახდეს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მსხვერპლი“. კარასინის თქმით, „ის რაც რუსეთისა და ჩინეთის თაობაზე ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რომელიც ჩვენ გვაწყობს“.
რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბაშიძის და კარასინის მორიგი შეხვედრა 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
ამავე თემაზე:
28/02/2019 აბაშიძემ და კარასინმა ორმხრივ ურთიერთობებსა და ნატოზე ისაუბრეს
02/10/2018 პრაღაში ქართველი და რუსი დიპლომატების მორიგი შეგვხედრა გაიმართა
25/05/2018 პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)