„დავით გარეჯი ჩვენია, სამხედრო მიუმხრობლობა გადაგვარჩენს“: „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის ორი გზავნილი
პოლიტიკურმა პარტიამ „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, 15 ივნისს, თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა სახელწოდებით „დავით გარეჯი საქართველოა“.
თბილისის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც, ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.
ამ აქციაზე „პატრიოტთა ალიანსს“ ორი საკვანძო გზავნილი ჰქონდა, რომლებიც მისმა ლიდერებმა ირმა ინაშვილმა, დავით თარხან-მოურავმა და ადა მარშანიამ თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს.
„დავით გარეჯი საქართველოა და არ ვთმობთ საზღვრებს“
პარტიის ლიდერებმა აზერბაიჯანთან ბოლო ხანებში შექმნილი დაძაბულობა ძირითადად წარსულ და, ნაწილობრივ, დღევანდელ მთავრობას დააბრალეს. დავით თარხან-მოურავმა დავით გარეჯის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყველა იმ წევრის დასჯა მოითხოვა, „ვინც დავით გარეჯს ყიდდა“, ისევე, როგორც „სააკაშვილებისა და ბოკერიების“.
მსგავსივე გზავნილი ჰქონდა პარლამენტის ვიცე-სპიკერს ირმა ინაშვილს, თუმცა მან არც „ქართულ ოცნებასა“ დაივიწყა:
„პარლამენტში, როდესაც მწვალებელი ჭკუას გვასწავლის ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში… ქართული ოცნების ყველა ის წევრი დაისჯება, ვინც კოჰაბიტაციას ლობირებდა“, – აღნიშნა ინაშვილმა.
„სამხედრო მიუმხრობლობა“
ლიდერებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ „მხოლოდ სამხედრო მიუმხრობლობა გადაგვარჩენს“, ისე, რომ არც ამ ცნების არსი განუმარტავთ და არც ის ლოგიკური ჯაჭვი დაუზუსტებიათ, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გაგვეგო, თუ კერძოდ რატომ დავიღუპებით სხვამხრივ, ანდა კერძოდ როგორ გადაგვარჩენს მიუმხრობლობა.
„დავიღალეთ ამ 30 წლიანი მოლოდინებით, სადღაც შევალთ, სამხედრო მიუმხრობლობა ერთადერთი გზაა მშვიდობის… არავითარი ბლოკები, არანაირი ბაზები, სამხედრო მიუმხრობლობა“, – განაცხადა დავით თარხან მოურავმა.
ალიანსელი გიორგი ლომიას თქმით კი, ისინი ნატოსთან პარტნიორობასა და ევროკავშრთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობენ და პირიქით, „ეს აუცილებელია“, მაგრამ – „მხოლოდ სამხედრო მიუმხრობლობა გადაგვარჩენს“.
პატრიოტიზმი, რწმენა, ქართულის პატივისცემა – კეთილდღეობისათვის
„ყოველივე ქართულის“ წინ წამოწევა ულტრამემარჯვენე „ალიანსის“ საფირმო ნიშანია, თუმცა მოცემულ აქციაზე ნაციონალიზმს მკვეთრად გამოხატული სოციალური გზავნილიც დაემატა.
დავით თარხან-მოურავმა მთავარ პრიორიტეტებად „სამშობლოსადმი თავდადება, რწმენისადმი ერთგულება და ყოველივე ქართულის პატივისცემა“ დაასახელა. „ჩვენი ბიჭები [უნდა] გაიზარდონ ვაჟკაცებად, გოგონები კი მანდილოსნებად“, – აღნიშნა მან.
თარხან-მოურავი მოსახლეობის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსაც შეეხო და განაცხადა – „თითოეულ ოჯახს ბიზნესი თავისი, არავითარი სიღატაკე, არავითარი შიმშილი, არანაირი სკოლებში ნისიები, უფასო საკვები ბავშვებს… არა სიღატაკეს და მტაცებლობას. სახელმწიფო ვალდებულია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუქმნას თავის საქმე“.
ინაშვილმა კი ხაზი გაუსვა, რომ „სამშობლო არის, მიწა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა, სარწმუნება, ჩვენი მართლმადიდებლობა [და] ეს ყველაფერი დღეს დასაცავია“. „ფეხდაფეხ თმობენ ქართულ მიწებს, უნდა დავამთავროთ ჩვენ ეს დანაშაული და ეს დიდი ღალატი“, – დასძინა მან.
ვიცე-სპიკერის თქმით, აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება და მათ უფრო მეტი ხალხი შეუერთდება. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ აქციებს უწყვეტ რეჟიმში და არ დამთავრდება ეს ყველაფერი სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება, დაწყებული სიღარიბის დაძლევით, სამხედრო მიუმხრობლობით გაგრძელებული“, – განაცხადა მან.
ამბის წინაისტორია
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს. მონასტრამდე მისასვლელი გზა, ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს ისევ გაიხსნა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 2/3 შეთანხმებულია. შეუთანხმებელია საზღვრის 1/3, სწორედ ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.
ასევე ნახეთ:
- 26/11/2018 – პატრიოტთა ალიანსმა ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო აქციები გამართა;
- 10/12/2018 – უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის მოხსნის წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)