ისტორია: მთა, რომელიც უნდა გადაიარო
როცა კაცი რაღაცას იხსენებს, უკან კი არ იხევს, წინ მიდის,
წარსული გადააქვს მომავალში.
ო. ჭილაძე
ამასწინანდელმა აჟიოტაჟმა, რომელიც თბილისში, ნიკოლაძის N7-ის კედელზე ტოტალიტარული რეჟმის მსხვერპლთა საინფორმაციო დაფების განთავსებამ გამოიწვია, გამოაჩინა, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ძნელი მისაღებია ისტორიის გასააზრებლად ახალი ჩარჩოების შეთავაზება, მეტიც, ისიც კი საკამათო გახდა, არის თუ არა მავანი დახვრეტილი პირი რეჟიმის მსხვერპლი, თუ ის „კეთილი“ და „უწყინარი“ ადამიანის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
ისტორიული პირებისა და ისტორიული მოვლენების შესაფასებლად აუცილებელია გადაიხედოს ჩვენი წარმოდგენები ისტორიაზე. მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის ისტორია და როგორ უნდა მივუდგეთ მას.
ბევრი დაწერია და ალბათ, კიდევ მეტი დაიწერება იმაზე, თუ რა არის ისტორია, რაში გვჭირდება და რაში გვადგება. მე ვფიქრობ, ისტორია ორნაირია: ისტორია, რომელიც მეტ-ნაკლებად ვიცით და ისტორია, რომელზეც თითქმის არაფერი არ ვიცით. ისტორიის ამ ორ სახესხვაობას განსხვავებული ზემოქმედება აქვს ჩვენს ცხოვრებაზე.
ყველანაირი ისტორია წარსულია და ამიტომ, წესით და კანონით, ის ჩვენს უკან უნდა იდგეს, მაგრამ ისტორია მთას ჰგავს, რომელიც, რაც უფრო შორსაა ჩვენი ცნობიერი თვალისაგან, მით უფრო მონოლითური, ერთგვაროვანი და ერთფერი გვეჩვენება. რაც უფრო ვუახლოვდებით, რაც უფრო ახლოს მივდივართ მასთან, ვამჩნევთ რელიეფს – ღარებს, ტყის საფარს, ბუჩქებს, ბილიკებს და ყვავილებსაც კი, რომელთა ხასხასა ფერები შორიდან რუხ ერთფეროვნებაში იმალებოდა.
ახლოდან მთა სულ განსხვავებულია, ცოცხალი, ფერადი და უსწორმასწორო. ასეა ისტორიაც. სანამ არ მიუახლოვდები, ვერაფრით დაინახავ იმ ხვეულებს, რაც მის სხეულში ინახება. ის უცნობია შენთვის და სანამ ეს მთა არ გადაგივლია, უკან ვერ ჩამოიტოვებ. ის წინ გეღობება, ხელს გიშლის გზის გაგრძელებაში.
ითვლება, რომ ქართველებს, დიდი ხნის ისტორია გვაქვს, მაგრამ რამდენად ვიცით ის, თუნდაც სულ უახლოესი, წარსული ეპოქა?
გულზე თუ ხელს დავიდებთ, აღმოვაჩენთ, რომ 100 წლის წინანდელ ისტორიაზეც კი გაჭირვებით მიგვიწვდება თვალი და ყური. უფრო აქეთ, ტოტალიტარული რეჟიმის ისტორია კი მითებისა და მეხსიერებაში შემორჩენილი სურათების ამარაა.
ფუნდამენტური კვლევები არ არსებობს და ასე დგას ეს უშველებელი მთა ჩვენ ცხვირწინ და წინ ფეხის გადადგმას გვიშლის. მთაში ვერ გაივლი, ის უნდა გადაიარო, გაკვალო, ახლოდან დააკვირდე და წვერში ახვიდე, მერე ჩაუყვე თავდაღმართს და უკანმოტოვებულს გახედო, რომ მისი მთლიანი სახე არ დაგეკარგოს. ესაა ისტორიის დაძლევა. დაძლეული მთა კი, რაც არ უნდა, უშველებელი იყოს, მაინც შენს უკანაა და თვალებში არ გეფარება, ფეხებში არ გებლანდება, არ გაბრკოლებს.
შესასწავლ ისტორიებში ყველაზე საშური მაინც საბჭოთა ისტორიაა, რადგან ტოტალიტარული რეჟიმის წნეხქვეშ გამოვლილი საზოგადოება რეფლექსიის გარეშე ვერ შეძლებს თავისუფალი გარემოს შექმნას.
ჩვევები, უნარები, დამოკიდებულებები, აღქმები, რომლებიც საბჭოთა ადამიანმა ჩაკეტილ, არათავისუფალ გარემოში შეითვისა, დასაძლევია. დაძლევა კი გაცნობიერების გარეშე ვერ მოხდება. საბჭოეთს კულტურული გადააზრება სჭირდება. კულტურა კი გამოკვლეულ და შესწავლილ ისტორიას უნდა დაეყრდნოს.
ასე, შორიდან საბჭოეთიც ერთგვაროვანი, მონოლითური და დაუნაწევრებელი ჩანს. თუმცა, თუ „მოდარაჯე“ თვალს შევავლებთ, დავინახავთ, რომ ჩვენი შთაბეჭდილება მატყუარაა.
ყოველ მომდევნო ეტაპზე პოლიტიკა, სიტუაცია, ადამიანთა ყოფა, მათი უნარ-ჩვევები იცვლებოდა. საკმარისია, 20-იანი წლების ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანის ჩაცმულობას, გამომეტყველებას, მათი სახლების ინტერიერს დააკვირდე და ის 40-იანი წლებისას შეადარო, რომ განსხვავება თვალსაჩინო გახდება.
ახლა, წარმოიდგინეთ, რამდენი გასაიდუმლოებული დოკუმენტი, წერილი, დადგენილება თუ „ანონიმკაა“ ჩვენი თვალისთვის მიუწვდომელი. საოცარია, რომ ამდენი წლის შემდეგ დახვრეტილთა და გადასახლებულთა ზუსტი რიცხვიც კი არ ვიცით; არ ვიცით, დარჩენილთა და გადარჩენილთა სიცოცხლის საზღაური და მათი რეალური ყოფა. არ ვიცით, რამ განაპირობა, რომ ხალხთა თანასწორობის, სოციალური თანასწორობის იდეა ტოტალური ჩაგვრისა და დამონების პრაქტიკად იქცა, ან როგორ მოხდა, რომ ტოტალურმა რეპრესიებმა საბოლოოდ კორუმპირებული საზოგადოება შვა.
არავის დაუშლია ეს ისტორია კონკრეტულ საკითხებად და არ უკვლევია. სულ ზოგადი შეფასებების, დილეტანტური წიაღსვლების, მითების, საკუთარი შთაბეჭდილებების მორევში ვტრიალებთ, ან აქა-იქ, კანტი-კუნტად გამოცემული მოგონებებით, უცხოელ მკვლევართა შრომებით, ანალიტიკური ესეებით გავდივართ იოლას.
მთა კი არ იძვრის. დგას ჯიუტად და თვალებში გვიყურებს. მასში ვერ გაივლი. ის უნდა გადაიარო.