ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გამართეს

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ თანაზრეებთან ერთად, 20 ივნისს სასტუმრო Biltmore-ში ახალი პარტიის „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ყრილობა გამართეს.

ყრილობაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, პარტიის 360 დელეგატი ესწრებოდა პარტიის სიმბოლიკა და წესდება დაამტკიცეს, ასევე პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი პოლიტსაბჭო და სარევიზიო კომისია აირჩიეს.

ხმათა უმრავლესობით პარტიის თავმჯდომარე ეკა ბესელია გახდა, პარტიის გენერალური და პოლიტიკური მდივნების თანამდებობები კი, ასევე ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ დაიკავეს. პარალელურად, ორივე მათგანი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრიც გახდა.

ყრილობის ტექნიკური მხარის დასრულების შემდეგ, პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და პარტიის წესდების მთავარი პრინციპები და ახალი პოლიტიკური ძალის მთავარი პრიორიტეტები გააცნეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ისინი ითანამშრომლებენ ყველა პარტიასთან, რომელიც „არ იქნება ასოცირებული წარსულის ძალადობრივ რეჟიმთან“.

პარტიის გენერალური მდივნის გედევან ფოფხაძის შეფასებით, „ხალხს სჭირდება სამართლიანობა“, რისთვისაც ყველა უნდა გაერთიანდეს, ორგანიზებული ფორმა მიიღონ და იმოქმედონ.

„დღეს აქ შეიკრიბნენ უმწიკლო და ძალიან სუფთა ბიოგრაფიის ადამიანები, ისინი ყველაფერს გაწირავენ იმისთვის, რომ ქართველი ადამიანი ცხოვრობდეს სამართლიან გარემოში, საქართველოს მომავალი იქნება მიშას და ბიძინას გარეშე“, – განაცხადა მან.

პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ზვიად კვაჭანტირაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით პარტიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს და ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს ღირსეული როლისთვის ამ სივრცეში“, – აღნიშნა მან.

შეკრებილებს შემაჯამებელი სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მიმართა და განაცხადა, რომ ოცნებიდან წასული დეპუტატები „სამართლიანობის გზაზე“ დაბრუნდნენ. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიის კონცეფცია სამ მთავარ პრინციპს – სიმართლეს, სამართალს და სამართლიანობას დაეფუძნება.

„დღეს სამართლიანობის იდეა დადგა ისევე თავდაყირა და წარსულის ძალადობრივი რეჟიმის მსახურთა უვადო აღზევება ხდება და ეს არის ყველაზე მტკივნეული რამ რაც გვაშორებს სამართლიანობის იდეას“, – განმარტა ბესელიამ და იქვე დასძინა: „დაირღვა ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის. დღეს ისევე პრობლემაა მმართველი პოლიტიკური პარტიის შერწყმა სახელისუფლებო ინსტიტუტებთან“.

ეკა ბესელია ოკუპაციის თემასაც შეეხო აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. „აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან დიალოგის გზით, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ფორმატების ხელშეწყობით, გამოვიყენებთ [ყველა] შესაძლებლობებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის [აღსადგენად]“, – განაცხადა მან.

პარტიის ლიდერებმა ქვეყნის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება და მათი გადაწყვეტა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

პარტიაში ასევე განმარტეს, რომ ეს „აუცილებლად იქნება ის ძალა, რომელიც წარუძღვება დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომლის მიზანი აუცილებლად უნდა გახდეს 2020 არჩევნებში ხელისუფლების შეცვლა“.

ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება მიმდინარე წლის დასაწყისში, პარტიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვეს.

ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად, ახალი პარტიის შექმნის შესახებ 27 მაისს ისაუბრა და პარტიის დამფუძნებელი ყრილობის შეკრება დააანონსა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)