არასამთავრობოები: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა

40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „ღია საზოგადოების ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ და სხვები, 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას, „პოლიტიკური კრიზისის“ მოსაგვარებლად, კონკრეტული ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდებს.

ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები „ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენებაზე“ მიუთითებენ და ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

არასამთავრობოების თქმით, აქციის მსვლელობის „არცერთ ეტაპზე ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა კეთილგონიერება და ვერ შეძლო წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ადეკვატური რეაგირება“. მათივე განცხადებით, „ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან პარლამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაკავების რიტორიკამ სიტუაციის დამატებითი ესკალაცია გამოიწვია“.

განცხადებაში შეფასებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ქმედება და ნათქვმია, რომ„საპოლიციო ღონისძიების დაწყების და მიმდინარეობისას სამართალდამცავების მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს“.

არასამთავრობოები ყურადღებას ჟურნალისტების დაშავებასა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლაზეც ამახვილებენ, და აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტები „დროული და დეტალური შესწავლის საგანი“ უნდა გახდეს.

არასამთავრობოები „განვითარებული მძიმე პროცესების გამო“ ხელისუფლების „პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე“ საუბრობენ და, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას ითხოვენ.

ისინი ასევე მოუწოდებენ პროკურატურას, „უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“.

არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან „რეალური დიალოგი“ დაიწყოს, მათ შორის, „შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად განიხილოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა“.

განცხადების ავტორები დღეს საღამოს თბილისში დაგეგმილ მორიგ საპროტესტო აქციასაც ეხებიან და აცხადებენ, რომ „როგორც ხელისუფლებამ, ისე პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა“ უნდა გააცნობიერონ პროცესების მშვიდობიან ფორმატში წარმართვის აუცილებლობა, არ დაუშვან სიტუაციის დამატებითი ესკალაცია და საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)