შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილეა დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში აქციის 305 მონაწილეა დაკავებული.
უწყების მიერ 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრომ გამოძიება ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით პარლამენტის შენობის „შტურმით აღებას“ შეეცადა.
„მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღების და შენობაში შეჭრის მცდელობას, სხვადასხვა საშუალების – ხელკეტების, რკინის კონსტრუქციების, ქვების, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ფიზიკურად ჯგუფურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ წინააღმდეგობას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, ახდენდნენ პოლიციელთა განიარაღებას დაართმევდნენ მათ შესაბამის აღჭურვილობას“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, პოლიცია იძულებული გახდა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები – ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი გამოეყენებინა. „აღნიშნული საშუალებების გამოყენება განხორციელდა თანმიმდევრულად, მომდინარე საფრთხეების პროპორციულად“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყებისავე განმარტებით, გამოძიება თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს შეისწავლის და სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით „მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა“.
შსს-ს განმარტებით, უწყება სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომების საკითხსაც შეისწავლის.დღესვე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე მედიასთან შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე ქალაქისთვის, თბილისისთვის და ქვეყნისთვის“.
„გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ, ინსტიტუციების წინააღმდეგ, ძალადობაში რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა“, – განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან გუშინ პოლიციელებზე და პარლამენტის შენობაზე „ჯგუფური თავდასხმები“ გამო, პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა და პოლიცია იძულებული გახდა, რომ „სპეციალური და არა ლეტალური საშუალებები“ გამოეყენებინა.
„ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას და შტურმს პარლამენტის… უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – აღნიშნა შს მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ უწყება სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებსაც დეტალურად შეისწავლის.
სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. პოლიციელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. მოგვიანებით, რუსთაველის გამზირზე აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა.
სპეცრაზმელებმა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან ასევე რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გაწმინეს.
20-21 ივნისის მოვლენების შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 2-მა დაშავებულმა სამართალდამცველების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის შედეგად თვალი დაკარგა. დაშავებულებს შორის არიან როგორც პოლიციელები ისე ჟურნალისტები.
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, დღეს თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)