პუტინი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას კრძალავს და ტურისტების გაყვანის დავალებას იძლევა
2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეების საჰაერო გადაყვანა (მათ შორის კომერციული) დროებით ეკრძალებათ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 21 ივნისის ბრძანებაშია ნათქვამი.
დოკუმენტში, სახელწოდებით – „რფ-ის ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის ცალკეული ზომების და რფ-ის მოქალაქეების დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვის შესახებ“, პუტინი რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში ტურისტების გადაყვანისგან თავის შეკავების რეკომენდაციითაც მიმართავს.
თავისი ბრძანებით პუტინმა მთავრობას ასევე დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რფ-ის მოქალაქეების და მათი ტვირთის დაბრუნება უზრუნველყოს. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს, რომ „უზრუნველყოს კოორდინაცია საქართველოს ხელისუფლებასთან რფ-ის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და რუსეთში მათი დაბრუნების საკითხების გადაწყვეტისას“.
პუტინის მიერ გამოცემულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ზომების მიღება რუსეთის ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფისა და „ძალადობრივი ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“ რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნისთვის არის აუცილებელი.
გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, ხოლო ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მზაობა გამოხატა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დღეს საღამოს შვიდ საათზე კვლავ განახლდა. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და აქციის დარბევისას დაკავებული მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
This post is also available in: Русский (რუსული)