შოთა დიღმელაშვილი
აქციის წამყვანი, მედიაპროექტი „ფლანგვის დეტექტორი“
„რუსეთ-საქართველოს ომისა და 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე როგორც ეკონომიკის, ისე ენერგეტიკის სფეროებში იზრდება. იმ ფონზე, როცა ომი იყო და ამ ომში ქართველები დაიხოცნენ, უცებ ტარდება რაღაც გაუგებარი საპარლამენტო ასამბლეა, თბილისში ჩამოდის რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და ჯდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. სწორედ ეს იყო ტრიგერი, რამაც გამოიყვანა ხალხი.
მათი თავდაპირველი მოთხოვნა იყო, გადამდგარიყო რუსეთის დეპუტატის ქმედებაზე პასუხისმგებელი პირი [საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე], მაგრამ ხელისუფლებამ ეს აქცია ბარბაროსული მეთოდებით დაშალად. სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, გვყავს დასახიჩრებული ადამიანები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს. დაპატიმრებულ იქნა 300-მდე აქტივისტი, მათი ნაწილი ახლაც ციხეებში რჩება.
სამოქალაქო საზოგადოება ვმართავთ ამ აქციას სამი მოთხოვნით: დაისაჯონ დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უდანაშაულოები და გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს ნორმალური წარმომადგენლობითი დემოკრატია.
ეს არის ზეპარტიული აქცია, მაგრამ თავისი არსით, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. ჩვენ ყველა პარტიას შევთავაზეთ ჩვენი პლატფორმის გამოყენება. ზოგი პოლიტიკოსი თბილად მიიღო ხალხმა, ზოგი – არა. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენი შეკრება ძალიან რეპრეზენტაციულია“.