არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, 94 ხმით არცერთის წინააღმდეგ დეპუტატებმა პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.
ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ხმაურის ფონზე დაწყებული დღევანდელი პლენარული სხდომა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვეს. ისინი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ნაცვლად და გუშინ ბიუროს სხდომაზე დარეგისტირებული რეზოლუციის განხილვას ითხოვდნენ, რომელიც შს მინისტრის გადადგომას და 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაკავებულების გათავისუფლებას გულისხმობს.
„მოგვეცით შესაძლებლობა, რომ მშვიდად განვიხილოთ გახარიას გადადგომის საკითხი, მხოლოდ ასე შევძლებთ დღევანდელი სხდომის გაგრძელებას“, – , განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ. ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კი ქართული ოცნების წევრებს შეახსენა, რომ მათი მოვალეობა არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ, „ქართველი ხალხის მოთხოვნების შესრულებაა“.
„ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, ვიმსჯელოთ იმაზე, რასაც გვთხოვენ [საპროტესტო აქციის მონაწილეები] და არა რაღაც საბაჟო კოდექსზე“, – მოუწოდა კოლეგებს ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.
ევროპული საქართველოს კიდევ ერთი დეპუტატის გიგა ბოკერიას შეფასებით კი, ის, რომ უმრავლესობას გიორგი გახარიას გადადგომის საკითხის განხილვა არ სურს, „არის დაცინვა მთელი საზოგადოების და არა ოპოზიციის“.
პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
ოპოზიციის მოთხოვნას, უმრავლესობასა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. რის შემდეგაც სხდომა რამდენიმეწუთიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ, დარბაზში დარჩენილი დეპუტატების განცხადებებით გაგრძელდა. კანონმდებლების განცხადებები, ძირითადად 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებას ეხებოდა.
უმრავლესობის დეპუტატები სამართალდამცველების ქმედებას ლეგიტიმურად აფასებდნენ. ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შს მინისტრმა ქვეყანა „სისხლისღვრას“ გადაარჩინა. დავით მათიკაშვილის შეფასებით კი, აქციაზე დაშავებული ადამიანების „ქეისები“ ცალკეულად უნდა იყოს განხილული. ოცნების დეპუტატები განვითარებულ მოვლენებში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებდნენ.
ყოფილი თანაგუნდელების მიმართ კრიტიკულები იყვნენ ოცნებიდან წასული დეპუტატები. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ სამართალდამცველების მიერ აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს აქციების დარბევას შეადარა და შს მინისტრს მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.
დეპუტატებმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, კანონმდებლებმა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ირაკლი კობახიძის მიმართვა ცნობად მიიღეს. ირაკლი კობახიძის წერილი დეპუტატებს სხდომის თავმჯდომარემ, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა გააცნო, რომელიც რეგლამენტის მიხედვით, ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტის სპიკერის მოვალეობას ასრულებდა.
თამარ ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. სხდომას თავად ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა, თუმცა მას კოლეგებისთვის სიტყვით არ მიუმართავს.
ამის შემდეგ, სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატის, არჩილ თალაკვაძის არჩევის საკითხის განხილვა დაიწყო. კენჭისყრამდე თალაკვაძე დეპუტატების წინაშე სიტყვით წარსდგა.
„ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა გავხდე საქართველოს პარლამენტის სპიკერი, თავმჯდომარე და უხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
არჩილ თალაკვაძემ თბილისში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა – „არ ვაპირებთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადავცეთ“ სხვას. მისივე თქმით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა “მშვიდობიანი მანიფესტაციის აგრესიაში” გადაყვანა სცადა და „დაიწყო შტურმი პოლიციელების კორდონზე და დაიწყო შტურმი საქართველოს პარლამენტზე“.
„ჩნდება ბევრი კითხვა და ამ კითხვებს უნდა უპასუხონ იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ვინც იყვნენ ამ მოვლენების წინა ხაზზე, ვინც იყვნენ შტურმის დროს იქ, ადგილზე და მათ მოუწევთ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა თალაკვაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას “ძალადობრივი სცენარით რაიმე ცვლილებებს მიაღწიოს ქვეყანაში”.
არჩილ თალაკვაძე საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტსაც შეეხო და განმარტა: „სანამ ოკუპაცია გრძელდება რუსეთის დუმის არცერთი დეპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში. სანამ ოკუპაცია გრძელდება, არც ერთი კომპრომისი არ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე“.
თალაკვაძის განცხადებით, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში, რუსეთის დუმის დეპუტატის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წაყვანაზე, მმართველი გუნდის „რეაქცია იყო მყისიერი“ და „გუნდის ყველა ლიდერმა სათანადო შეფასება მისცა იმ პროვოკაციულ ჟესტს, რასაც აქ ადგილი ჰქონდა “.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ პროვოკაციული სცენარის თავიდან აცილება და მისი პროგნოზირება, თუმცა ამის გამო ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც“, – დასძინა თალაკვაძემ და ამის დასტურად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვების შესახებ მიღებული „ღირსეული გადაწყვეტილება“ დაასახელა.
მან მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ ამ წესით ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და შანსი ექნება თავისი წარმომადგენელი შეიყვანოს პარლამენტში, „მათ შორის, ჩვენს საზოგადოებას“.
არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლის დასაწყისში საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სხდომის დატოვების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ისინი ვალდებული იყვნენ დარჩენილიყვნენ დარბაზში და მიეღოთ დებატებში მონაწილეობა. ამის შემდეგ, მან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და სხდომას გაუძღვა.
ბიოგრაფიული მონაცემები
არჩილ თალაკვაძე 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია, ის საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების სახელით ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით მოხვდა. 2012-2014 წლებში ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, 2014-2016 წლებში კი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
რაც შეეხება პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ის სპიკერის თანამდებობაზე 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს. ამასთან, ის 2015 წლიდან ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრია.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მათი ერთ-ერთი მოთხოვნაც დაკმაყოფილდა, თბილისში საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. აქციის მონაწილეები უკვე მეექვსე დღეა, რაც შს მინისტრის გადადგომას, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, ვინც ძალას გადაამეტა.
20-21 ივნისს საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და სამართალდამცველები. აქციის დაშლის შედეგად რამდენიმე ათეული მონაწილე მძიმედ დაშავდა, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა. აქციის ორი მონაწილე კი, მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)