აბიტურიენტების ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო გამოცდებში მონაწილეობას ვერ იღებს

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონში დარეგისტრირებული აბიტურიენტების უმრავლესობა დღეს დაწყებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობას ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ვერ ახერხებს.

როგორც გალის განათლების რესურსცენტრიდან Civil.ge-ს აცნობეს, გალის რაიონში სულ 185 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, თუმცა მათგან მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო ე.წ. საზღვრის გადმოკვეთა და გამოცდებში მონაწილეობის მიღება. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი აბიტურიენტებისათვის საშეღავათო პირობების დაწესებას გეგმავს. 

„ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა და აქედანვე მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, შემდგომ გამოცდებში აუცილებლად ჩაერთონ“, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ. „დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით ვუზრუნველყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას“, – დასძინა მან.

ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ განცხადება 27 ივნისს გაავრცელა. ამის მიზეზად  თბილისში და „საზღვრისპირა ტერიტორიაზე“, ზუგდიდის რაიონში 20 ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციები დაასახელა, რომელიც მათი ინფორმაციით,  „პროვოკაციულ“ ხასიათს ატარებს და „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობაზე“ აისახება.

28 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის დაკეტვის საკითხს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე დააყენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)