ომბუდსმენმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო
სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო.
დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების პროცესს „დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის ჩართულობის“ კრიტერიუმებით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეაფასებს.
გამოძიების მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის:
- „ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება;
- ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად;
- ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება;
- ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თუ არა ჯეროვანი გულისხმიერებით და ამომწურავად“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ომბუდსმენის აპარატისათვის „მიმდინარე გამოძიების მონიტორინგის სპეციფიკა ექსტრაორდინალურია“, თუმცა, „მიუხედავად ამ მიმართებით შესაბამისი გამოცდილების არქონისა, სახალხო დამცველის აპარატი გააკეთებს ყველაფერს, რათა გამოძიება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად შეაფასოს მიმდინარე რეჟიმში და საბოლოოდ მიაწოდოს რეკომენდაციები სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორებს“.
ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, „გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით სახალხო დამცველი შექმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ჯგუფები, არასამთვრობო ორგანიზაციები და პროფესიული წრეები იქნებიან წარმოდგენილი“.
სახალხო დამცველის აპარატი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლონ და მათ ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ, გამოძიების პროცესთან პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში კი, ომბუდსმენის აპარატს მიმართონ.
აქციის პირველი დღე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, თუმცა ამას პროტესტის მუხტი არ შეუნელებია. უკვე 12 დღეა პარლამენტის წინ აქციები იმართება. რამდენიმე ათასი ადამიანი შს მინისტრის გადადგომას ითხოვს. მათ მოთხოვნებში ასევე იყო აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, რაც უკვე დაკმაყოფილდა.
საზოგადოების პროტესტის ფონზე თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დატოვა. ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატის დატოვების მზადყოფნა გამოთქვა. ქუცნაშვილი სწორედ იმ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რასაც თბილისსა და რეგიონებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)