ნოე რამიშვილის ინტერვიუ აზერბაიჯანულ პრესასთან
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 6 ივლისი, N147.
საქართველოს მთავრობის განათლების, სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ნოე რამიშვილს, რომელიც ამ ჟამად ბაქოში იმყოფება, შემდეგი ხასიათის საყურადღებო საუბარი ჰქონია გაზეთ „ბაკინსკაია ჟიზნის“ თანამშრომელთან.
უპირველეს ყოვლისა ბატონმა მინისტრმა საჭიროთ სცნო განეცხადებია მისი სრული კმაყოფილება იმ წესრიგის შესახებ, რომელიც მან შენიშნა აზერბაიჯანის რკინის გზაზედ. ყველგან მოსჩანს მისწრაფება აღმშენებლობითი მუშაობის შეფარდებისა აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი არსებობის მიზნებთან ერთად.
რამდენათაც შესაძლებელი იყო შეგვენიშნა, წესრიგი სუფევს ქალაქშიაც და პრესის, სიტყვისა და კრების სრულ თავისუფლებასთან.
აზერბაიჯანის არმიაც სავსებით გაწვრთნილა და რამდენიმე თვის შემდეგ იგი საკმაოდ ძლიერი იქნება, რომ ქართველ სამხედრო ძალებთან გვერდით, მძლავრად დაიცვას სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ყოველივე გარეშე მტრისაგან.
ადგილობრივი მაჰმადიანი ინტელიგენცია მიუხედავათ იმისა, რომ მცირე რიცხოვანია, შესძლო დაემტკიცებია შესამჩნევი ენერგია და ღრმა სიყვარული თავისი ერისადმი და შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს მუშაობა უშედეგოთ არ ჩაივლის ერისა და სახელმწიფოსთვის.
თანამშრომლის შეკითხვაზე ფოცხოვისა და არტაანის ბედის შესახებ, ბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ ფოცხოვის მხარე საბოლოოთ მიეკუთვნა საქართველოს, რომლის სამხედრო ნაწილებიც უკვე იცავენ მას. რაც შეეხება არტაანის მხარეს იგი გაერთიანებულია ბათუმის ოლქთან.
არტაანში იმყოფება ჩვენი ჯარების მცირე ნაწილი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ბოლოს და ბოლოს, მთელი ოლქი შემოერთებული იქნება საქართველოს რესპუბლიკასთან.
ამიერ-კავკასიის კონფერენცია ისევ იწყებს მუშაობას, მაგრამ პროგრამაში არაა არავითარი ცვლილება შეტანილი.
კონფერენციის მუშაობა შეწყვეტილ იქნა, მხოლოდ სომხეთის დელეგაციის მერყევი ტაქტიკის გამო და ისევ ახლდება მათი განცხადების გამო, რომ ისინი ეხლა სცნობენ თუ როგორ სასარგებლოა ამ კონფერენციის მუშაობა კავკასიის ერთა გაერთიანების საქმისთვის.
მინისტრმა განაცხადა თავისი ღრმა რწმენა, რომ ევროპის სახელმწიფოები, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ჩვენში მტკიცე წესწყობილების დამყარებისათვის ბათომი-ბაქოს რკინის გზის გამოყენებისათვის არ შეუძლიათ უარყოფით შეხვდენ ჩვენი დამოუკიდებლობის საქმეს, რადგან ეს არის ერთად ერთი გზა გადაარჩინონ ჩვენი მხარე ანარქიისაგან.
მოხალისეთა არმიასთან შეტაკების შესაძლებლობა ჯერ აცილებული არ არის. ჩვენ ვიცით, რომ დენიკინს გარს ახვევიან ძველი თვითმყრობელი რუსეთის გენერლები და რუსეთის აღდგენა და გაერთიანება 1914 წლის საზღვრებში, უძირითადესი მუხლთაგანია მოხალისეთა არმიის პოლიტიკური პროგრამისა.
ჩვენ მზათ უნდა ვიყოთ ყოველ წამს უკუვაქციოთ შემოტევა ჩრდილოეთიდან;
ეს არის მიზანი ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულებისა. ამ კავშირზე დიდ იმედებს ვამყარებთ და შემიძლია განვაცხადო, რომ უშიშრათ შევყურებთ მომავალს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო კავშირის დამყარების შესახებ, საჭირო გახდება გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები სხვა საკითხებში გაერთიანებისათვისაც, განსაკუთრებით კი ეკონომიურ საკითხებში.
თანამშრომელის შეკითხვაზე საქართველოს ეკონომიურ რესურსების შესახებ, მინისტრმა აღნიშნა – ამ მხრივ საქართველოს მდგომარეობა სავსებითაც არ არის ისე უნუგეშო, როგორც სცდილობენ ეს დაანახონ ჩვენი დამოუკიდებლობის მტრებმა.
საქართველოს ულეველი ბუნებრივი სიმდიდრენი აქვს, ჯერ მარტო გასატანათ გამზადებულ მარგანეცის რაოდენობა რამდენიმე მილიარდ მანეთს აღემატება.
გვაქვს მრავალი სატყეო მასალაც, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, აბრეშუმი, მატყლი და სხვა ასეთი, რასაც ყურადღება მიაქციეს იტალიელებმაც.
ინგლისის კაპიტალისტების ერთ ჯგუფთან უკვე მოხდა შეთანხმებაც, მარგანეცის დიდი პარტიის გატანისათვის, საქართველოს დამოუკიდებელ ვალუტის დასამუშავებლად.
ხოლო რაც შეეხება რესურსებს ინტელექტუალურს, ამ მხრივ პასუხი შეუძლია გასცეს საქართველოს სახელმწიფოებრივ დაწესებულებათა მუშაობამ, სადაც შესაძლებელი გახდა ნაციონალიზაციის გატარება, სრულიად უმტკივნეულოდ.
დასასრულს ბატონმა რამიშვილმა გამოსთქვა თავისი სრული კმაყოფილება იმ გულწრფელი შეხვედრისათვის, რომლითაც იგი მიიღეს აზერბაიჯანის ყველა პოლიტიკურ წრეებში.