ციხე სიცოცხლის გადარჩენისთვის?
კაპიტან რაკეტეს იტალიური თავგადასავალი
გმირი თუ დამნაშავე? როგორ უნდა შევრაცხოთ ხმელთაშუა ზღვაში მცურავი, ორგანიზაცია „Sea Watch“-ის კუთვნილი გემის 31 წლის გერმანელი კაპიტანი, კაროლა რაკეტე, რომელმაც 40 მიგრანტი დახრჩობას გადაარჩინა და მათი იტალიის კუნძულ ლამპედუზამდე უსაფრთხოდ მიყვანა გადაწყვიტა?
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, პორტუგალია და ფინეთი, მზად იყვნენ იტალიის პორტში შემოსულ გემზე მყოფი მიგრანტები თავისთან გადაენაწილებინათ და მათთვის დევნილის სტატუსი მიეცათ, იტალიის პოლიციამ გემს პორტში შემოსვლის უფლება არ მისცა და კაპიტანს შესთავაზა, დევნილები ლიბიაში დაებრუნებინა.
საერთაშორისო საზღვაო სამართალი კაპიტანს ავალდებულებს, ხალხი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანოს. კაროლა რაკეტემ ამ ვალდებულების პირნათლად შესრულება გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც ნებართვას 16 დღე უშედეგოდ ელოდა, კაპიტანმა ლიბიიდან ომსა და ქაოსს გამოქცეული ადამიანების იტალიის კუნძულ ლამპედუზამდე მიყვანა მაინც გადაწყვიტა.
ბოლო დღეებია საზოგადოება ახალგაზრდა კაპიტნის ქმედების შეფასებას ცდილობს. რაკეტეს საქციელმა ბევრის მოწონება და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა, თუმცა სრულიად საპირისპირო რეაქცია ჰქონდათ იტალიაში, სადაც გერმანელი კაპიტანი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააპატიმრეს. რაკეტეს 3-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 50 000 ევროს ჯარიმა ემუქრება. ამას ემატება კიდევ 12 წელი „დამცავი გემის დაზიანებისთვის“, რომელსაც პორტში შესვლისას გერმანელი კაპიტნის გემი შეეხო.
საზოგადოების გამოხმაურება
კაპიტნის დაკავების დღიდანვე ევროპის არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის აქცია წამოიწყეს კაროლას დასახმარებლად. ნაწილმა გერმანელ კაპიტანს სასამართლო პროცესისთვის თანხა შეუგროვა. სოლიდარობამ შედეგი მსწრაფლ გამოიღო და 36 საათში დაახლოებით 800.000 ევროს შეგროვება მოხერხდა.
კაროლა რაკეტეს მხარდასაჭერად განცხადებებით გამოვიდნენ ევროკავშირის რიგ წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკური წრეები – კაპიტანს მხარდაჭერა გამოუცხადეს გერმანიისა და ავსტრიის პრეზიდენტებმა, გერმანიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევროკავშირმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა…
უფლებების დამცველმა ჯგუფმა Amnesty International მწვავედ გააკრიტიკა არათუ მხოლოდ იტალია, არამედ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც, რომ მათ აღნიშნული სიტუციის თავიდან ასაცილებლად არაფერი გააკეთეს. ორგანიზაცია Sea Watch-ის ხელმძღვანელმა, რომელსაც აღნიშნული გემი ეკუთვნოდა, განაცხადა, რომ კაპიტნის საქციელით ამაყობს და რომ მან ზუსტად ის გააკეთა, რაც ამ სიტუაციაში იყო აუცილებელი.
იტალიის სასამართლოს გადაწყვეტილებამ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინიც კი გააკვირვა. მემარჯვენე პოპულისტი, ანტი-ემიგრანტული განწყობებით გამორჩეული სალვინი ჟურნალისტებთან ამბობდა, მართალია, კაროლა თავისი საქციელით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრა, მაგრამ ამისთვის დაპატიმრება საჭირო არ იყო, მისი სამშობლოში, გერმანიაში გაძევება და ჯარიმაც საკმარისი იქნებოდაო.
რეკეტეს საქმეზე ატეხილმა ვნებათაღელვამ თავისი გაიტანა. კაროლას დაპატიმრებას მოყოლილმა დიდმა საერთაშორისო გამოხმაურებამ იტალიის სასამართლო აიძულა, დროებით გაათავისუფლებინა გემის კაპიტანი საპატიმროდან, თუმცა, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება არ შეწყვეტილა.
ლამპედუზა – მიგრანტთა აღთქმული მიწა
ლამპედუზა ხმელთაშუა ზღვაში მდებარე დაახლოებით 8 კილომეტრის სიგრძის იტალიური კუნძულია, რომელიც მიგრაციის კრიზისთან ხშირად ასოცირდება, რადგან ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროდან თვითნაკეთი გემებითა და ტივებით წამოსული მიგრანტებისთვის ევროკავშირის ყველაზე ადვილად მისაღწევი ტერიტორია სწორედ ლამპედუზაა.
მიგრანტთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იქაურობას 2011 წელს მიადგა. 2013 წელს კი სწორედ ლამპედუზას მისადგომებთან, სანაპიროდან 800 მეტრში ჩაიძირა ერითრეიდან და სომალიდან წამოსული მიგრანტებით სავსე გემი, რომელსაც 400-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში, საზღვაო გზით აფრიკის კონტინენტიდან დაახლოებით 140.000 ადამიანმა მიაღწია ლამპედუზამდე, რაც მაშინ ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი გერმანიას, დიდად არ სიამოვნებდა, რადგანაც ამ მიგრანტთა სრული უმრავლესობა იტალიის ალპებისა და ავსტრიის გავლით სწორედ გერმანიაში ჩადიოდა და იქ ითხოვდა თავშესაფარს.
აფრიკის ქვეყნებიდან შიმშილისა და სიკვდილისთვის გაწირული ადამიანები საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ ევროპაში მოხვედრას. ხშირ შემთხვევაში იხდიან თანხას, ნავით იტალიის ამ პატარა კუნძულამდე ტრანსპორტირებისთვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიხედვით, 2019 წელს საერთო ჯამში 28.561-მა ადამიანმა გამოიყენა ხმელთაშუა ზღვა ევროპაში ჩასაღწევად.
რატომ ისჯება მიგრანტების გადარჩენა?
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, ხელშესახები დახმარება აღმოეჩინა იტალიისათვის, რომელსაც ათასობით მიგრანტის მიღება უწევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სალვინი რადიკალური ცვლილებებით იმუქრებოდა.
იტალიის მემარჯვენე პოპულისტურმა მთავრობამ მიგრანტთა მომატებული რიცხვის გამო სცადა ყველანაირი გზა ჩაეკეტა აფრიკიდან იტალიის გავლით ევროპისაკენ მომავალი ადამიანებისთვის.
იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ტუნისიდან იტალიისაკენ მოხალისეობრივად პატრულირებდნენ და მიგრანტებით გადავსებულ ნავებს სანაპირომდე მშვიდობიანად მისვლაში ან მათი ჩაძირვის შემთხვევაში სამაშველო სამუშაოებით ეხმარებოდნენ, რომმა უფლებები შეუზღუდა – თავის ტერიტორიულ წყლებში უნებართვოდ შესულ საზღვაო ტრანსპორტს 50.000 ევროიანი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა დაუწესა.
იტალიის მთავრობა ბოლო წლებია რადიკალურ პოლიტიკას ატარებს მიგრანტთა მიმართ და სწორედ ამ პოლიტიკის გამოძახილი გახლდათ კაპიტან რაკეტესთან დაკავშირებული ბოლო შემთხვევაც.
რას ამბობს საერთაშორისო საზღვაო სამართალი?
საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, ყოველი ქვეყანა, რომლის დროშის ქვეშაც ცურავს გემი და ასევე, ამ გემის კაპიტანი, ვალდებულნი არიან გასაჭირში მყოფ ადამიანს გადარჩენაში დაუყოვნებლივ დაეხმარონ – ანუ მაშინვე, როგორც კი განსაცდელის შესახებ შეიტყობენ.
კაპიტნები ვალდებულნი არიან საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. საერთაშორისო სამართალი არ ცნობს ინდივიდუალურ ქვეყანათა პოლიტიკურ მოსაზრებებს ამ თემაზე – ადამიანების გადარჩენა საზღვაო კაპიტანის მოვალეობაა.
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გემის (მათ შორის, მცირე მოცულობის სპორტული გემის) მართვის მოწმობას იღებს, ურიგდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვალდებულია გასაჭირში მყოფი მგზავრები არ მიატოვოს.
კაპიტან რაკეტეს გემი ნიდერლანდების დროშის ქვეშ ცურავდა, მისი ორგანიზაცია კი გერმანიაშია დაარსებული. ნიდერლანდებს, გერმანიასა და იტალიას ხელი აქვთ მოწერილი საერთაშორისო საზღვაო სამართალზე, რომლის თანახმადაც კაროლა რაკეტეს მიგრანტების სიცოცხლე უნდა გადაერჩინა და ისინი უსაფრთხო ადგილამდე მიეყვანა.
ლიბიასა და იტალიას შორის საზღვაო სივრცეს წლების განმავლობაში ბევრი გემი აკონტროლებდა, დღეს კი საამისოდ სულ რამდენიმე მათგანია დარჩენილი. ისინი ძირითადად დამხმარე ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ევროკავშირმა ივნისში წევრ სახელმწიფოთა შეუთანხმებლობის გამო საზღვაო პატრულირება 6 თვით გააუქმა.
სიცოცხლის გადასარჩენად გაღებული რისკის საფასური
აფრიკის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები – ზოგი ომს, ზოგი კი ეკონომიკურ უსასოობას გამოქეული – თავს სწირავენ საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად. მიგრანტები ლამპედუზას სანაპირომდე მოსაღწევად ყველა ღონეს ხმარობენ – ხშირად თვითნაკეთი, ზოგჯერ კი არცთუ კეთილსინდისიერი შუამავლების მიერ ორგანიზებული ნავები ხშირად გადავსებულია, და არც უსაფრთხოების წესებია დაცული. ყველასთვის ცხადია, რომ მათზე ასვლა სიცოცხლის გარისკვას ნიშნავს, თუმცა დარჩენის შიში უფრო ძლიერია, ვიდრე უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა. ეს რისკიანი მგზავრობა ხშირად უბედური შემთხვევით სრულდება.
2014 წლიდან დღემდე, უბედურმა შემთხვევებმა ხმელთაშუა ზღვაში 19.000-ზე მეტი ემიგრანტი იმსხვერპლა. თუმცა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წლიური შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, ევროპისკენ წამომსვლელი მიგრანტების დაღუპული რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში იკლებს.