მოსკოვი გმობს „რუსთავი 2“-ის გადაცემას როგორც „თავგასულ რუსოფობიას“ და ხელისუფლების რეაგირებას მიესალმება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გუშინდელ გადაცემასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. ქვევით მოცემულია განცხადების სრული ტექსტი:
„კატეგორიულად ვგმოთ თავისი სიმდაბლით უპრეცედენტო გამოსვლას უცენზურო გამონათქვამების მქონე მიუღებელი გამოხტომებით რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით, რომელსაც ქართულ ტელეარხზე, „რუსთავი 2“-ზე ჰქონდა ადგილი. მოცემულ ფაქტს განვიხილავთ როგორც ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციას, რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩაშლისკენაა მიმართული. ხსენებული აღმაშფოთებელი ინციდენტი იმის მკაფიო მაგალითია, თუ საით მივყავართ თავგასულ რუსოფობიას.
აღვნიშნავთ, რომ ამჯერად, განსხვავებით 20 ივნისის თავდასხმისა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებზე – საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწყო რადიკალების გამართლება, გამოძებნა ძალები, რათა პროვოკატორებს განდგომოდა და დაეგმო მათი ქმედება. ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებასაც, რომლითაც მომხდარს ქართული საზოგადოება შეხვდა.
ველით, რომ შესაბამის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს, ასევე ჟურნალისტებს ადეკვატური რეაგირება ექნებათ მომხდარზე. ამგვარ გამოვლინებას ცივილიზებულ ქვეყნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის მონოლოგს განცხადებით უკვე უპასუხა და აღნიშნა:
„მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა „საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიისდა კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.
„ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)