სალომე ზურაბიშვილი: „ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდებთ დეესკალაციისკენ“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ქვეყნის შიგნით და გარეთ ძალებს „დეესკალაციისკენ“ მოუწოდებს.

9 ივლისს ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა ემოციებისა და პოლიტიკური გემოვნების გვერდზე გადადებას ითხოვს, რათა არ დაუშვათ „რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში“.

პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით იმ ძალებს მიმართა, რომლებიც, მისივე განმარტებით, უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქალაქეებს აზარალებს, რომ მშვიდობიანი არჩევნების გზით მიაღწიონ მიზანს.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის ხელმძღვანელობასაც მიმართა და მოუწოდა, რომ „არ აჰყვეს ესკალაციას“.

„პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყველაფერის გაკეთებას, რათა მათ „მშვიდად და სტაბილურად“ ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

7 ივლისს ტელეკომპანის „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს რუსულად მიმართა და მას პირდაპირ ეთერში აგინა. წამყვანის მონოლოგს, მალევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს უმაღალსი თანამდებობის პირების, მათ შორის, პრეზიდენტის განცხადებები მოჰყვა, სადაც მათ გაბუნიას სიტყვები ერთხმად დაგმეს და მას სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი „პროვოკაცია“ უწოდეს.

წამყვანის სიტყვები უყურადღებოდ არც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დატოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება გიორგი გაბუნიას სიტყვებს „ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციად“ განიხილავს, რომელიც „რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩაშლისკენაა მიმართული“.

დღეს რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღებას მხარი ერთხმად დაუჭირა

8 ივნილისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)