რუსული პროპაგანდა ბათომში: „აჭარლებს ქართველები ჭირივით ეჯავრებათ“

გაზ. საქართველო, 1919 წლის 13 ივლისი, N146.

გენერალ რომანოვსკის დოკუმენტი, რომელიც გაზეთმა „ბორბამ“ გუშინდელ ნომერში გამოაქვეყნა, და რომელიც საქართველოს დღევანდელ ნომერში იბეჭდება, არც ქართულ პრესას და არც საქართველოს პოლიტიკურ წრეებს არაფერს ახალს არ ეუბნება. ყველამ დიდი ხანია ვიცით, რომ ბათუმში, მოხალისეთა შტაბის ნაწილი მუშაობს, მას შემდეგ რაც იქ ოსმალების ადგილი ინგლისელებმა დაიჭირეს და რომ მოხალისეთა ბათომის ეს ორგანიზაცია ფულით, პრესით და აგენტებით ცდილობს საქართველოს ავტორიტეტის დაცემას აჭარელთა თვალში და მის მაგიერ რუსეთის პრესტიჟის აწევას.

არა ერთხელ მიგვიქცევია ჩვენი მთავრობისა და სარდლობის ყურადღება ამ გარემოებაზე და მოგვითხოვია, როგორც ერთისა ისე მეორესაგან, მდგომარეობის ჯეროვანი გათვალისწინებით სათანადო საპასუხო მოქმედების გაჩაღება. ვერ ვიტყვით, ეს ჩვენი ხმა, ყველა პოლიტიკურ მიმდინარეობათა ხმასთან შებანებული არ ყოფილიყოს ყურადღებული და სახელმძღვანელოდ მიღებული, სადაც ჯერ არს. მაგრამ რაც გაკეთდა, ის სრულებით საკმარისი არ არის.

ბევრი ენერგია და სახსარია საჭირო იმ ანტიქართული განწყობილებების გასაბათილებლად, რომელიც ზოგიერთმა მოღალატემ ამ მხარეში შეჰქმნა და რომელსაც ფულით და მოსყიდვით ამყნის ადგილობრივ მცხოვრებლებზე მოხალისეთა რუსეთის ბათომის სააგენტო; იგი უფრო  და უფრო მწვავდება, რაც უფრო ვუახლოვდებით ამ დიდი ომის ტრაგედიის დასასრულს. საქართველომ უნდა დასჭიმოს თავისი ძალა და ღონე და ჯანგაუტეხელის თანდათანობით ბათომის ოლქს თავისი მკლავები შემოავლოს. სასაცილოა გენერალ რომანოვსკის საბუთები, რომლითაც იგი არწმუნებს მთავარ შტაბს, აჭარლებს ქართველები ჭირივით ეჯავრებათ სარწმუნოების სხვადასხვაობის ნიადაგზე ხოლო რაც შეეხება რუსეთს, მის მოვლენისა აჭარას არ ეშინია და ამით უნდა ვისარგებლოთო. თითქოს რუსის ხალხი მაჰმადიანი იყოს ან სისხლით და ხორცით მონათესავე აჭარლებისა.

რად დასჭირდა გენერალს ტყუილების მოწოდება თავის მთავარსარდლისთვის. ან რად სჭირია მოხალისეთა შტაბს პსიხოლოგიური „საბუთების“ ძებნა ადგილობრივ მკვიდრთა შორის თავის მოქმედების გასამართლებლად? მოხალისეთა რუსეთი თვით ატარებს სუბიექტურ საბუთს ამიერ-კავკასიის აღდგენილ სახელმწიფოთა დასაშლელად. ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ნებისყოფა და ბატონობის იდეა იმ ქვეყნებში, სადაც იგი რევოლუციამდე ბატონობდა. და რომელნიც საჭირონი არიან რუსეთის ფართო იმპერიალისტური გეგმის აღსრულებაში მოსაყვანად. ხომ ამ მიზნისთვის მოითხოვს გენერალი რომანოვსი, რომ ბათომში სამი-ოთხი ბატალიონი შესდგეს, ძლიერის არტილერიით და მრავალრიცხოვანი მტყვიისმფრქვეველით.

ამ ავანტიურად ფრთა არ უნდა გავაშლევინოთ, თორემ მერე ძნელი იქნება მისი ჩაქრობა. ეხლა ადგილი არ აქვს ინგლისის ადგილობრივ სარდლობის მხრივ საქმეთა გაუცნობლობას, რაც პირველ ხანებში აუცდენელი იყო, და ამით აიხსნება ის გარემოება რომ ამ ბოლო დროს ბათუმში პოლიტიკურად მოქმედ რუსობას პატივი აეყარა და ბარგსა ჰკრავს გასამზადებლად. საქართველოს მთავრობამ ეს მომენტი უნდა სავსებით გამოიყენოს და ინგლისის სარდლობასთან კონკრეტული ნაბიჯი გადადგას, რათა საბოლოოდ აღგვილ და დაშლილ იქმნას ის მოხალისეთა ბუდე, რომელიც ბათომის ოლქში აჯანყებას მოციქულობს და შეიარაღებულ ძალას ჰქმნის ომისა და საერთო არეულობის გამოსაწვევად საქართველოს ტარიტორიაზედ.