საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლუქსემბურგის დეკლარაციაში
ლუქსემბურგში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, 8 ივლისს დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც რიგ საკითხებზე, დაწყებული პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის და დამთავრებული გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებათა საკითხებით, შესასრულებლად არასავალდებულო ათზე მეტი რეზოლუცია შევიდა.
შესავალ ნაწილში, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს და უსაფრთხოებას ეხება, ლუქსემბურგის დეკლარაცია აცხადებს, რომ საჭიროა „გაძლიერდეს შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგვარების შეთანხმებულ ფორმატებში“ და კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკებები გამართონ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად „საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაურღვევლობის სრული პატივისცემით“.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის სრული ტექსტი
საქართველოს შესახებ რეზოლუცია სახელწოდებით – „უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო“, რომლის ინიციატორიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი სოფიო ქაცარავაა, რუსეთის ფედერაციის „უკანონო ოკუპაციას“ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დეფაქტო ანექსიისკენ“ გადადგმულ ნაბიჯებს გმობს. ის ხაზს უსვამს მოსკოვის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას „ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებზე“.
ასამბლეა მკაცრად გმობს „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო, მათ შორის, სამხედრო ძალების გაძლიერებას და სამხედრო სწავლებებს, საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ეთნიკურ დისკრიმინაციას“ იმ ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც ორივე ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობენ, მათ შორის:
- მკვლელობის, წამების, არასათანადო მოპყრობის, გატაცების და უკანონო დაკავების დადასტურებულ შემთხვევებს;
- გადაადგილებისა და ცხოვრების, საცხოვრისის, მიწის და საკუთრების თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას;
- მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების აკრძალვას;
- ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღებას სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების დარღვევით.
ასამბლეამ „კატეგორიულად დაგმო სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობა“, ასევე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე და მხარდაჭერა გამოუხატა ორივე რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასიათასობით დევნილის და ლტოლვილის ფუნდამენტურ უფლებას, რომ უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგი წერეთელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ, 2019-2020 წლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს, ასამბლეაზე 4 ივლისს საქართველოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი, რასაც „ეფექტური საერთაშორისო რეაგირება“ სჭირდება.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, პიოტრ ტოლსტოი 4 ივლისს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შესახებ რეზოლუციის მიღებას შეეწინააღმდეგა და განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი საქართველოს ყოფილი რეგიონია, რომელმაც თბილისიდან ხელისუფლების თავდასხმის შედეგად დატოვა ეს ქვეყანა და უდავოდ არასდროს დაბრუნდება უკან, ისევე როგორც აფხაზეთმა“. ამის შემდეგ მან აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ ამ ორი რეგიონის აღიარება „სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს“.
ცხინვალისა და სოხუმის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის პოზიციას მხარი დაუჭირეს და უარყვეს, რომ ისინი რუსეთის მიერ არიან ოკუპირებულნი. მათ საქართველო სამხედრო აგრესიაში დაადანაშაულეს და დასძინეს, რომ რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება „სრულად ასახავს“ მათ ნებას.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)