ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „ნუ მისცემთ საკუთარ თავს გაყოფის უფლებას“
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა 11 ივლისს ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა. თავის შესავალ სიტყვაში, ტუსკმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა „შეიქმნა და ყოველთვის იყო მშვიდობის ინიციატივა, რომელიც არავის წინააღმდეგაა მიმართული“.
„როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ ათ წელს ვუყურებთ, აშკარაა, რომ მისი წყალობით და მისი საშუალებით, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდა, უფრო სტრუქტურული და პროგნოზირებადი გახდა“, – განაცხადა მან.
ტუსკმა გამოსვლისას, ქართველი კლასიკოსი ვაჟა-ფშაველაც გაიხსენა. „ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“, – მან ეს სიტყვები ქართულად წარმოსთქვა.
„მჯერა, რომ ჩვენი დაახლოებით და ჩვენ შორის გაგების ხელშეწყობით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ამ ნეგატიურ ტენდენციებთან დაპირისპირებას დაეხმარა“, – განაცხადა ტუსკმა.
საქართველოზე საუბრისას, „როგორც ერთ-ერთ იმ ქვეყანაზე, რომელსაც მტკივნეულად შეეხო უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები“, ტუსკმა განაცხადა, რომ მართალია აღმოსავლეთ პარტნიორობა არ წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების მექანიზმს, ის წარმოადგენს ღირებულებების და პრინციპების ერთობას და ამიტომაც ისწრაფვის, რომ რეგიონში სტაბილურობას დაუჭიროს მხარი და ასევე დაუჭიროს მხარი თქვენი ქვეყნების შესაძლებლობას, რომ გაუმკლავდეთ ზეწოლას“.
„ბევრი კითხვა არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და თქვენი მომავალი წევრობა ევროკავშირში ერთადერთი არ არის… ევროპაში ბევრნი არიან, ვისაც ეჭვები აქვს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით. მე არ მაქვს ასეთი ეჭვები“, – განაცხადა ტუსკმა.
შემდეგ მან აღნიშნა, რომ „ასეთი პროცესები უცბად, ან ერთი გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს“, არამედ ისინი კონკრეტული მიღწევების გზით ხორციელდება.
„ერთი რამ ნათელია: ჩვენ უნდა დავრჩეთ ყოვლისმომცველ ინიციატივად, რომელიც გულისხმობს ურთიერთობების გაძლიერებას ევროკავშირსა და ექვს პარტნიორს შორის, რა დროსაც თითოეულ პარტნიორს მათი მისწრაფებების და შესაძლებლობების მიხედვით, დიფერენცირებული მიდგომა უნდა შევთავაზოთ“, – დასძინა მან.
ტუსკის თქმით, აღმოსავლეთ პარტიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციის შემდეგ, რომელიც შარშან მაისში ბრიუსელში გაიმართა, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე კონსულტაციების პროცესს იწყებს, რა დროსაც არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნესკომპანიების აქტიური ჩართულობის და კონტრიბუციის იმედი აქვს.
დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „საქართველო ევროკავშირისთვის მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი არ არის“. „როდესაც ვამბობ საქართველოს, მე ვგულისხმობ თავისუფლებას! როდესაც ვამბობ საქართველოს, მე ვგულისხმობ სიამაყეს! როდესაც ვამბობ საქართველოს, მე ვგულისხმობ სიმამაცეს!.. გულწრფელად მოგიწოდებთ: „ნუ მისცემთ საკუთარ თავს გაყოფის უფლებას. მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში გადარჩებით, ისევე როგორც მთლიანად ევროპა,“ – დასძინა ტუსკმა.
ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, ევროკავშირის, ასევე ექვსი პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, აკადემიური წრის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ შორის არიან სომხეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
კონფერენციაზე სიტყვით უკვე გამოვიდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)