საქართველოს ლიდერები ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ
საქართველოს ლიდერებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის ახალ პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
„საქართველო თქვენში იმ ევროპას ხედავს, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვჭირდება. მოუთმენლად ველი თქვენთან სამუშაო ურთიერთობებს ახლო მომავალში“, – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
Twitter-ის მეშვეობით მიულოცა ურსულა ფონ დერ ლაიენს პრეზიდენტად არჩევა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, იგი მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარების და გაძლიერების, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში უფრო დიდი მიზნების მიღწევის მიზნით“.
ევროკომისიის ახალარჩეულ პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც მიულოცა გამარჯვება.
„ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი და მხარდამჭერია. გვწამს, რომ ახალი პრეზიდენტის თაოსნობით, ევროკომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ წარმატებები უსურვა ურსულა ფონ დერ ლაიენს „ამ უმნიშვნელოვანესი ევროპული ინსტიტუციის ხელმძღვანელობასა და მსოფლიო კეთილდღეობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევისთვის საქმიანობაში“.
ურსულა ფონ დერ ლაიენი 60 წლისაა და ბოლო დრომდე გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო. ის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ერთ-ერთი ლიდერი და კანცლერ ანგელა მერკელის დიდი ხნის მოკავშირეა, რომლის კაბინეტშიც პოსტს 2005 წლიდან იკავებდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტია.
ასევე წაიკითხეთ:
17/07/2019 – ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი ქალი: ვინაა ურსულა ფონ დერ ლაიენი?
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)