ივანიშვილი მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს დღეს პირველად უპასუხა. მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და ყურადღება პარტიის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
რას გეგმავს ოცნება?
ქართული ოცნების თავმჯდომარე, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში იმყოფებოდა, სადაც როგორც თავად აღნიშნა, პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა, რომლის თავმჯდომარედაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე პარტიული მუშაობის გააქტიურებაზეც იმსჯელეს.
„ის, რომ პარტია ძირითადად არჩევნებიდან-არჩევნებამდე არსებობდა და მხოლოდ არჩევნებზე აქტიურდებოდა, ჩვენ ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ, ყველა დრო უნდა იყოს არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან“, – განაცხადა მან.
ივანიშვილის განმარტებით, პარტია რეგიონებში მუშაობას გაააქტიურებს და იქ არსებულ ყველა კითხვას უპასუხებს. „გვექნება პოლემიკა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს. რეგიონებში განსაკუთრებით ყველას აშფოთებს წყალი, გზა, კანალიზაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ მათთან ერთად დავიხვეწებით გამოყოფილი თანხების გამოყენების ეფექტურობაში“, – აღნიშნა ოცნების თავმჯდომარემ.
2020 წლის არჩევნები – ვისთან ითანამშრომლებს ოცნება?
ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ალბათობა იმისა, რომ არჩევნებში უმრავლესობა ერთმა რომელიმე პარტიამ, მათ შორის, ქართულმა ოცნებამ მოიპოვოს, დაბალია. „ნაციონალური მოძრაობის გარდა, ალბათ, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან“, – განაცხადა მან.
მანვე პოლიტიკურ ფლანგზე „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გააქტიურება დადებითად შეაფასა და აღნიშნა: „კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს, რაც შეიძლება უფრო მეტი“.
უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია?
ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებმა კითხვა შს მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებაც დაუსვეს. მან კითხვაზე პასუხი, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შეფასებით დაიწყო და განმარტა, რომ იმ საღამოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიმდინარეობდა და სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა, შს მინისტრმა კი – ეს პროცესი აღკვეთა.
„გახარიამ და შსს-მ, მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ევროპაში და აშშ-ში კითხვები არ არსებობს. რაც შეეხება იმას, გადაამეტეს თუ არა ცალკეულმა სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას, ივანიშვილის თქმით, გამოძიება მიმდინარებს და თუკი აღმოჩნდება, რომ „ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს“.
ივანიშვილის შეფასებით, დღეს შს მინისტრის გადადგომას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და „მისი დამქაშები – ევროპული საქართველო და მასთან ასოცირებული პატარა პარტიები“ ითხოვენ და თუკი ეს ასე მოხდება, „ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია იქ აღარ უნდა დახვდეს და მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში“.
„რატომ უნდა გადაგეს გახარია, ნაცებს უნდათ მარტო, უნდათ იმიტომ, რომ ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“, – აღნიშნა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ გახარიას გადადგომას დღეს იმას ნიშნავს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს… გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტები ივანიშვილისგან იმითაც დაინტერესდნენ, არის თუ არა სიმართლე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის დაშლის შესახებ ბრძანება მან გასცა, რაზეც ქართული ოცნების თავმჯდომარემ უპასუხა, რომ „ასეთ სისულელეს“ მხოლოდ „ნაცები თუ იტყვიან“. „როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი? ასეთ სიბრიყვეს, მხოლოდ ისინი იტყოდნენ“, – განაცხადა მან.
იყო თუ არა გავრილოვის ჩამოყვანა შეცდომა?
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ – იყო თუ არა საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა შეცდომა? – ივანიშვილმა კითხვითვე უპასუხა – „2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები – სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა და ფეესბეს ყოფილი თავმჯდომარე – სად იყავით მაშინ?“.
„2016 წელს კიდევ ჰქონდა იმედი ნაციონალურ მოძრაობას, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა, ახლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამორიცხულია, რომ არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მანვე გავრილოვის საქართველოში ვიზიტთან მიმართებით პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხისმგელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ ამ სიტუაციის აჟიტირება მოახერხა“.
„რა თქმა უნდა შეცდომა იყო, როდესაც ის [გავრილოვი] ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, მაგრამ არა კობახიძის შეცდომა, ეს მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა საზოგადოების აბსოლუტურად ობიექტური აღშფოთება, კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
გაბუნიას მონოლოგი, რუსული ბაზარი და რუსული ოკუპაცია
ივანიშვილმა ყურადღება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირდაპირ ეთერში გინებაც შეაფასა და განაცხადა, რომ „ის, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ში ეს არის ჩვენი ქვეყნის, კულტურის, ქართველობის და იდენტობის სირცხვილი“ და ის „დასაგმობია ყველა ქართველისგან“.
ამის შემდეგ, მან აქცენტი კვლავ ნაციონალურ მოძრაობაზე გადაიტანა და განმარტა, რომ მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის წევრების მცდელობისა, რომ „საქართველოში ტურიზმი შეჩერდეს“, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ „საქართველო განვითარდეს“.
მანვე საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ვინც, ამბობენ, რომ „რად გინდათ რუსული ბაზარი“ და მისი ევროპული და უკრაინული ბაზრით ჩანაცვლებაზე საუბრობენ, „უცოდინრები“ და „აბსოლუტურად უმეცრები“ არიან.
„თუ მიაქცევთ ყურადღებას, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, ცხადია, რომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება იოლი არავისთვის არის, მითუმეტეს არ არის ჩვენთვის ელემენტარული მიზეზების გამო – პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები“, – აღნიშნა მან.
პარალელურად ივანიშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში ტრადიციულად კვლავ ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი „შემოუძღვნენ რუსულ ჯარს“.
„რომ არა ამათი დაუდევრობა, ღალატი და ქცევა, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელსაც “, – განაცხადა ივანიშვილმა და განმარტა, რომ ის რუსული ოკუპაციის გამართლებას არ ცდილობს. მისივე თქმით, ტერმინ ოკუპაციას ქართული ოცნებაც იყენებს, მაგრამ „ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ, დღეს გულზე რომ იხატავენ ‘არა ოკუპაციას’“.
„’არა ოკუპაციას’ ვის ეუბნებიან ესენი? ოკუპირება ქართული ტერიტორიების მათ მოახერხეს… როდესაც იხატავენ არა ოკუპაციას, მათ უნდა მოსთხოვონ პასუხი ამაში ნაციონალურ მოძრაობას, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მომხდარიყო ოკუპაცია“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სახალხო დიპლომატია – ტურიზმი და ვაჭრობა იმისთვის არის საჭირო, რომ „ჩვენ მოვახერხოთ, ტერიტორიული მთლიანობაც აღვადგინოთ და ნორმალური ურთიერთობაც დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება 18 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მან აღნიშნა: „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სტრასბურგის სასამართლოდან ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)