ბათუმში საქართველოსთან შეერთების მოთხოვნით მიტინგები იმართება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 22 ივლისი, N153.

20 ივლისს ბათუმში გაიმართა ქალაქში მცხოვრებ და ქობულეთსა და ჩაქვის წარმომადგენელთა ყრილობა, რომელზედაც ირჩეოდა საკითხი სამაჰმადიანო საქართველოს შესახებ.

ყრილობა მოწვეული იყო სამაჰმადიანო საქართველოს  განმათავისუფლებელ კომიტეტის ინიციატივით და მიიღო გრანდიოზული ხასიათი.

არას დროს ალბათ ბათუმს არ უნახავს ასეთი დღესასწაულის დღე და არც განუცდია ასეთი პატრიოტული აღფრთოვანება, როგორც ამ დღეს.

მაჰმადიანი ქართველების გარდა კრებას დაესწრნენ ბათუმში მყოფი ქრისტიანი ქართველები, რომელნიც ერთის გრძნობით სცხოვრობენ თავიანთ მაჰმადიან ძმებთან ერთად და ერთნაირად დაინტერესებული არიან ბათუმისა და საერთოდ სამაჰმადიანო საქართველოს ბედით.

ყრილობა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ მემედ ბეგ აბაშიძემ, რომელმაც დაახასიათა სამაჰმადიანო საქართველოს მდგომარეობა, რუსეთის ბატონობის დროს და აგრეთვე მიმდინარე მომენტში.

თავმჯდომარის სიტყვები, რომელნიც ეხებოდა საქართველოსთან გაწყობილებას აღფრთოვანებულ ტაშს იწვევდა დამსწრეებში. აგრეთვე ჟრუანტელის მომგვრელი იყო გახსენება რუსების ბატონობის დროინდელ ფაქტებისა.

თავმჯდომარის განცხადებამ, ქობულეთსა და ჩაქვში საჯარო კრებებზე მიღებულ რეზოლუციების შესახებ, რომლითაც სამაჰმადიანო საქართველო საქრისტიანო საქართველოს უსხეულდებოდა ავტონომიის ნიადაგზე, ხალხში გამოიწვია ოვაციები. აგრეთვე ოვაციებით შეხვდნენ ქობულეთის, ჩაქვისა და ზემო აჭარის წარმომადგენელთა სიტყვებს ამავე საკითხის შესახებ.

ჩვენ არ გვჭირდება იმის შესახებ რომ სამაჰმადიანო საქართველოს ბედი მხოლოდ ასე უნდა გადაწყდეს. თვით მაჰმადიანები აღნიშნავენ, რომ ეს ერთად ერთი გზაა, რომელიც იხსნის გაერთიანებულ საქართველოს დენიკინის საფრთხიდან, რომ ინგლისი უთუოდ ანგარიშს გაუწევს ხალხის საერთო სურვილს და მტკიცე გადაწყვეტილებას რომ აღდგენილ იქნეს პრინციპი ერთა თვითგამორკვევის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასეთივეა სურვილი დანარჩენ ქართველ მაჰმადიანებისაც არტაანში, ლაზისტანში, ყარსში და სხვაგან, და გააერთიანებს სამაჰმადიანო საქართველოს ერთი ნებისყოფით და პოლიტიკური იდეალით. მით უმეტეს დროულია ეს გაერთიანება, როცა დენიკინის შავი ლაშქარი აწვება საქართველოს საზღვრებს და ბათუმის ხელში ჩაგდებასაც აპირებენ.

მაგრამ გაერთიანებული საქართველო შესძლებს დაიცვას თავისი სახელმწიფოებრივი საზღვრები. და ერთხელ ჩამოშორებული რუსეთის რეაქცია ვერ გაარღვევს მის მტკიცე კედელს.

ასე შეხედავს ამ საქმეს ყველა ქართველი და მისი გული აივსება მხნეობით, გამბედაობით და გამარჯვების იმედით.