წვრთნების ფარგლებში რუსმა სამხედროებმა მამისონსა და როკზე დესანტი გადმოსხეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებულმა რუსეთის 58-ე არმიამ მამისონის უღელტეხილის და როკის გვირაბის მიდამოებში 1 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 6 000 ჯარისკაცი განათავსა, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების სამბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში.
ამავე ინფორმაციით, იგივე ოპერაციის ფარგლებში, სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის მედესანტეები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მთებში „საშტურმო მეთოდით“ გადმოსხეს.
ოპერაციას სამხედრო ოლქის შეიარაღებული ძლების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობდა.
წვრთნების ფარგლებში, სამხედროებმა იმ მნიშვნელოვანი სიმაღლეების აღებაში ივარჯიშეს, რომლებიც უღელტეხილებამდე მისასვლელი გზების კონტროლირების საშუალებას იძლევა. წვრთნებში რუსეთის საჰაერო ძალების მე-4 არმიის ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ დვორნიკოვი 2015-2016 წლებში რუსული ჯარების მეთაური იყო სირიაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)