სახალხო დამცველი და არასამთავრობოები „რუსთავი 2“-ის საქმეს ეხმაურებიან
20 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ (GCJE) და „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (UNAG), ასევე საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს ეხმაურება და ქვეყანაში „პლურალისტური მედიაგარემოს“ შენარჩუნებისა და ტელეკომპანიის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს.
არასამთავრობო სექტორი
სამოქალაქო სექტორის მიერ 18 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით შექმნილი ახალი მოცემულობა, „ქართული მყიფე დემოკრატიისთვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტურ მედიაგარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა და მიუთითებენ, რომ პოლარიზებულ მედიაგარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების ანგარიშვალდებულების კუთხით, „დღემდე დიდ როლს ასრულებდა“.
სამოქალაქო სექტორი ხაზგასმით ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. ისინი განმარტავენ, რომ იმისათვის, რათა ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ არ აისახოს მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“, – აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და იქვე მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებენ.
სახალხო დამცველი
ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალისტური მედიაგარემოს მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ომბუდსმენის მიერ ასევე 18 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით არის ნათქვამია, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღ მედიაგარემოს სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია“.
„სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მესაკუთრეთა ნაწილში უკვე განხორციელებული ცვლილებები, უარყოფითად არ აისახება ქვეყანაში პლურალისტურ მედია გარემოს შენარჩუნებაზე და ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნება კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების შესახებ 2017 წლის 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილებაც გააუქმა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მალევე, საჯარო რეესტრმა ტელეკომპანიის მფლობელად, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა. ხალვაშმა რეესტრს იმავე დღეს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიaს ნაცვლად, მისი ადვოკატი პაატა სალია დანიშვნის მოთხოვნით მიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)