მარიამ ბაჯელიძე

სოციალური მედიამარკეტინგის კომპანია "Social Shark'-ის დირექტორი

პირველი, რამაც გამომიყვანა, ეს იყო გავრილოვი ჩვენს პარლამენტში და ეს ხომ შემთხვევით არ იყო? ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო და მსგავსი ფრაზეოლოგიით შედგენილი ასამბლეები არის თვალში ნაცრის შეყრასავით ხალხისთვის, რომ, მერე რა მოხდა, კი არიან რუსები და ოკუპანტები, და კი გეუბნებიან, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მართლმადიდებლები არიან. ეს იყო პირველი, როდესაც მივხვდით, რომ თუ ამას გავატარებდით, მაშინ აზრი არ აქვს არც მაისურების ჩაცმას, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია, არც სოციალურ ქსელში დაკომენტარებას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ა.შ.

ზოგადად, ყველას აქვს თავისი კომფორტის ზონა, რომლიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია, მაგრამ პირველი, რაც გავაკეთეთ, 20 ივნისს, დილით 11 საათზე მივედით, პარლამენტთან აქცია გავმართეთ და სულ მცირე ის გავაკეთეთ, რომ გავრილოვს მოუწია სირცხვილის დერეფნის გავლა. მეორე იყო 20 ივნისის 7 საათი, როდესაც აქ ადამიანები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ეკითხათ: საქართველოში ვცხოვრობთ, თუ რამე ეშლება მთავრობას.

ვითხოვდით პროპორციულ არჩევნებს იმისთვის, რომ ვეღარასდროს მოხდეს ის, რომ აქ ერთი ძალა წყვეტდეს ვინ შემოვა, ვინ წავა, პარლამენტში ვინ წარუძღვება ასამბლეას და ა.შ. მეორე მოთხოვნა იყო ირაკლი კობახიძის გადადგომა. ეს იყო ჩვენი მშვიდობიანი, ლოგიკური და სამართლიანი მოთხოვნები, მაგრამ 20 ივნისის საღამო სხვაგვარად განვითარდა ისე, რომ გვყავს დასახიჩრებული ადამიანები. ადამიანები არათუ გააფრთხილეს, სახლამდე სდიეს, სკვერებში ჩაუსაფრდნენ, ადამიანებზე ნადირობას დაემსგავსა ეს ყველაფერი.

რამდენჯერმე უნდა ეთქვათ, რომ ახლა იწყება დარბევა, რომ ადამიანებს, სცოდნოდათ, რომ ახლა შეიძლება გაისროლონ და თვალი დაკარგოთ, ამ საფრთხის შესახებ უნდა ყოფილიყო ცნობილი. დავუშვათ, ეგონათ, რომ პარლამენტში თუ შევიდოდნენ ადამიანები შიშველი ხელებით, სახელმწიფო გადატრიალდებოდა, წყლის ჭავლი იყო სრულიად საკმარისი ძალა რომ გამოეყენებინათ და ტყვიები არ ესროლათ. ეს იყო შეგნებული ნაბიჯი, ჩვენება კრემლისთვის, რომ – ნახეთ, სამაგალითოდ დავსაჯეთ ხალხი, ვინც თქვენ წინააღმდეგ გამოვიდა.

ადამიანი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის დარბევის და არა დაშლის ბრძანება გასცა, რასაც მოჰყვა ის, რომ ადამიანებმა თვალი დაკარგეს, დასახიჩრდნენ და ცხოვრებისეული ტრავმა მიიღეს (როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური), უნდა წავიდეს თანამდებობიდან და აღარ უნდა იღებდეს ბიუჯეტიდან ხელფასს. იმდენად გასაგები მოთხოვნაა, რომ ამას ახსნა აღარ უნდა სჭირდებოდეს.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აზრს კარგავს ის, რომ პროტესტი შევწყვიტოთ. ყველა დამატებითი დღე არის არა ნაკლები მოტივაცია, არამედ უფრო მეტი მოტივაცია იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. უკვე ბევრ შეცდომას უშვებენ. ძალიან უცნაურია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავებს ახლა ითვლის და არა მაშინ, როდესაც რუსთაველი იკეტებოდა, მაგრამ ვაჩვენებთ, რომ 200 და 400 კი არა, ძალიან ბევრი ვართ. რომ დაგვაბრმავეს ცალი თვალით ეს გასაგებია, მაგრამ იმ ცალ თვალში ახლა ნაცარს ნუ შეგვაყრიან. უბრალოდ არ გაუვათ, არ გავჩერდებით.

გახარია უნდა წავიდეს იმიტომ, რომ თუ ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებლობის აღებას ვერ ისწავლიან, მათ შორის იმით, რომ დატოვონ თანამდებობა, ისევ იმავე ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება 10 წლის მერეც.

თითოეული ადამიანი, რომელიც აქ მოდის, არის ამ აქციის მფლობელი და ამ აქციის ორგანიზატორი. ეს ადამიანები თავად აფინანსებენ ამ პროტესტს. ცდილობენ რომ დისკრედიტაცია მოახდინონ, რომ პოლიტიკური პარტიები გვაფინანსებენ, რომ ვიღაც გვიხდის ფულს. ჩვენი დამფინანსებლები არიან ეს ადამიანები.

თუ ჰგონიათ, რომ 200 და 400 ვართ, მალე დავანახებთ რამდენი ვართ. ეგ წაგებული თამაშია და მაგას ნუღა გაყვებიან. ყველგან შევუქმნით დისკომფორტს და ჯობია, რომ ახლა გახარია გადმოაგდონ, ვიდრე მუდმივად ამ სტრესში იცხოვრონ იმიტომ, რომ ვპირდებით: სტრესი იქნება გაუჩერებელი, უწყვეტი. ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ, ეს არის მათი პოლიტიკური ვალი და ამაში ვუხდით ფულს. გახარია აღარ მოგვწონს, როგორც მინისტრი და აღარ გვინდა, რომ ხელფასი გადავუხადოთ. გაიგოს, წავიდეს და ჩვენც დავისვენებთ.