ვისია ლაზეთი? პარიზის კონფერენციაზე ლაზების ბედი წყდება
გაზ. საქართველო, 1919 წლის 25 ივლისი, N156.
მოძმე-ლაზები
უნარი ვერ გამოვიჩინეთ ინფორმაციის მოწყობაში. ვერც აქედან ვაწვდით ცნობებს მიმდინარე ცხოვრებისა და პოლიტიკურ საჭიროების შესახებ უცხოეთში მყოფ ჩვენს წარმომადგენლებს და ვერც ისინი გვაწვდიან ცნობებს იმის შესახებ, თუ რა იწერება, ან რა ითქმის ჩვენზედ უცხოეთში. სისტემატიური და ჩქარი ურთიერთობა საქართველოს და ევროპას შორის გავაბით. სჩანს ამისთვის უფრო მაღალი ხარისხის ტაკტი და პოლიტიკური კულტურაა საჭირო, ვიდრე ჩვენ რომ გვაქვს. საქართველოს ბედი პარიზში სწყდება, ისე როგორც ჩვენი მეზობლების ბედიც. საერთოდ კავკასიის და კერძოდ საქართველოს საკითხი დღეს საგანია ანტანტის პრესისა და მისი პოლიტიკური მოქმედებისა – აზროვნებისა. მიუხედავათ უდიდესი ინტერესისა და საჭიროების, თავის დროზე და სრულად ვიცოდეთ ანტანტის პრესის და პოლიტიკური წრეების აზრი ჩვენი და ჩვენი მეზობლების ქვეყნების შესახებ, ჩვენ ან სულ არაფერი ვიცით, ან სულ ცოტა და ისიც დაგვიანებით.
ასეთ პირობებში სულ ადვილად შეიძლება რომ ჩვენი ქვეყნის მრავალი მნიშვნელოვანი და ზოგჯერ საარსებო საკითხიც ისე გადაიჭრას, რომ ჩვენი ხმა, ჩვენი აზრი და საბუთი არც კი იყოს მოსმენილი. დაახლოებით ამგვარს ყოფაშია ლაზისტანის საკითხი.
მიღებულის ცნობებით მთელი ტრაპიზონის ვილაეთი მომავალ დიდ სომხეთში შედის. თუ ეს მართალია, მაშინ ლაზისტანიც, ეს საქართველოს სხეულის ორგანული ნაწილი, მისის სისხლი და ხორცი, სომხეთის ფარგლებში უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ ვიცით, თუ რა ნაბიჯი გადადგა ჩვენმა დელეგაციამ პარიზში საქართველოს და ლაზისტანის საერთო ეროვნული, სასიცოცხლო ინტერესის დასაცავად. არც ის ვიცით, ჩვენი მთავრობა იყო თუ არა დროზედ გაცნობილი ამგვარ პროექტთან და თუ იყო, რა ზომები მიიღო მან. რამდენადაც პარიზის კონფერენციაზედ ოსმალეთის დანაწილებას ფიქრობენ ეთნიურ-ეროვნული პრინციპების მიხედვით სომხეთის აღდგენას ხელს უწყობენ, იმდენადვე პრინციპულად შეუწყნარებელია ლაზისტანის – ამ საქართველოს ნაწილის – სომხეთის ფარგლებში მომწყვდევა და მისი დაქვემდებარება სომხეთისთვის. ყველა იმ საბუთის და იმ პრინციპის ძალით, რომლითაც ანტანტი ხელმძღვანელობს ახალ-ახალი ეროვნულ სახელმწიფოებრივ სხეულების შესაქმნელად, ლაზისტანი უნდა საქართველოს საზღვრებში შემოვიდეს. ამ თეზისის დაცვა ანტანტის სამსჯავროს წინაშე ადვილიც არის და საიმედოც. ამ მიმართულებით ენერგიული ნაბიჯების გადადგმა პარიზში ჩვენი დელეგაციის მიერ და აქ ჩვენი მთავრობის მიერ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესის უპირველესი მოთხოვნაა. დახანება – დანიშნული იქნება.
დღეს მთელი სამაჰმადიანო საქართველო იღვიძებს, იკრეფს ეროვნულ შეგნებას და დედა – სამშობლოსთან შესაერთებლად სდგამს აქტიურ ნაბიჯებს. ლაზისტანი გაგრძელებაა სამაჰმადიანო საქართველოსი, ლაზები იგივე მაჰმადიანი მეგრელები არიან. მიუხედავათ, იმისა რომ ლაზები ოსმალეთის იმპერიაში სცხოვრობდნენ და მრავალ დაბრკოლებას განიცდიდნენ ჩვენთან კავშირის დასაჭერად, მათ განუწყვეტლად ჰქონდათ ჩვენთან გაბმული როგორც საქმიანი ისე სულიერი ეთნიური კავშირი. ამ ბოლო ხანებში რაც დრო გადიოდა, დაახლოვება და ურთიერთობა უფრო ხშირი და მტკიცე ხდებოდა. სამეგრელოში ყოველგან და განსაკუთრებით ზღვის პირა დაბა-სოფლებში დიდ-ძალი ლაზობა სცხოვრობს. სამეგრელოში ლამაზად და კოხტად ნაგები ოდები, სულ ლაზების ხელობაა. ასეა ხალხში, ხოლო ლაზების ცოტათ თუ ბევრად ნასწავლ ახალგაზრდებში თქვენ განგაცვიფრებთ მათი პსიხოლოგიური ეთნიური და ზოგიერთში შეგნებული ეროვნული ლტოლვაც საქართველოსკენ. ასეთი შთაბეჭდილება გამოაქვს ყველას, ვინც კი მათ შეხვედრია ევროპასა თუ ოსმალეთში.
ლაზობა ქართველების ერთ-ერთ ძველ ფესვზე საღად აღმოცენებული და ლამაზად გაშლილი ორგანიზმია და დღეს ის დედა – სხეულთან შესაყრელად მოიწევს. ჩვენი პოლიტიკური მისია ლაზისტანის ლტოლვა სინამდვილეთ ვაქციოთ.