აბიტურიენტები, რომლებმაც ენგური ვერ გადმოლახეს, უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, ის აბიტურიენტები, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ენგურის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, საზღვრის გადმოლახვა და ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა ვერ შეძლეს, მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამასთან, სამინისტრო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს.
განათლების სამინისტროს მიერ 24 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ყველა იმ პირს შეეხება, ვინც გამოცდებზე დარეგისტრირდა და საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების სურვილი გამოხატა.
სამინისტროს ცნობით, ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისთვის 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი უნდა დააგროვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.
ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ განცხადება 27 ივნისს გაავრცელა. ამის მიზეზად კი თბილისში და „საზღვრისპირა ტერიტორიაზე“, ზუგდიდის რაიონში 20 ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციები დაასახელა, რომელიც მათი ინფორმაციით, „პროვოკაციულ“ ხასიათს ატარებს და „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობაზე“ აისახება.
ამ მიზეზით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში დარეგისტრირებულმა აბიტურიენტების უმრავლესობამ 1 ივლისს დაწყებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჯამში სულ 185 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
განათლების სამინისტროს მხრიდან თავიდანვე ითქვა, რომ უწყება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი აბიტურიენტებისთვის საშეღავათო პირობებს დააწესებდა. „ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილ აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ“, – განაცხადა 1 ივლისს განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)