ხაზარაძემ TBC Bank Group PLC-ის დირექტორთა საბჭო დატოვა
მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკის მფლობელი კომპანიის, ბრიტანეთში დაფუძნებული TBC Bank Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. თანამდებობა მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემაც დატოვა. ორივე მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრებაში ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენა, რაც მედიისთვის გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
25 ივლისს ფეისბუქზე გამოქვეყენებულ განცხადებაში, მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ „საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად“ პროკურატურის მიერ გამართულმა ბრიფინგმა, „უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში, მძიმე შედეგი მიაყენა თიბისი ბანკის აქციების ფასს“, კერძოდ, ისევე როგორც 2019 წლის იანვარ-თებერალში, აქციები 12%-ით გაუფასურდა, შედეგად კი, ბანკის აქციონერებმა 130 მლ დოლარით იზარალეს.
„წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ჰქონდა“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე და დასძენს, რომ „ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ“.
ხაზარაძის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მასზე და ბადრი ჯაფარიძეზე „არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები“ და “ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები“, ისინი წყვეტენ დირექტორთა საბჭოში საქმიანობას იქამდე, ვიდრე „არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი“.
გადადგომამდე ერთი თვით ადრე, TBC Bank Group PLC აქციონერთა კრებამ, ხმების 98%-ით, ხაზარაძე და ჯაფარიძე, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე, მორიგი ვადით აირჩია. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ხაზარაძე მადლობას უხდის აქციონერებს „ასეთი ნდობისათვის“.
ხაზარაძის და ჯაფარის გადადგომასთან დაკავშირებით, განცხადება დღეს TBC Bank Group PLC-მაც გაავრცელა. კომპანია მადლობას უხდის დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და მის მოადგილეს წლების მანძილზე თიბისი ბანკის შექმნისა და განვითარებისთვის გაწეული ძალისხმევისათვის და აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად არის დარწმუნებული ხაზარაძისა და ჯაფარიძის კეთილსინდისიერებაში.
დაახლოებით ერთი თვით ადრე კი, ცნობილი გახდა, რომ გენერალურ პროკურატურაში თიბისი ბანკის მიერ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შემთხვევებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების მიზანი მისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორება იყო.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი „საგანგაშო“ ვითარებიდან გამომდინარე, სექტემბერში საზოგადოებრივი მოძარაობის დაფუძნებას გეგმავდა.
მამუკა ხაზარაძისა და მისი ბიზნესპროექტების ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)