უცხოეთიდან ავიარეისების სამთავრობო სუბსიდირებას კრიტიკა მოჰყვა
საქართველოს მთავრობის გეგმას, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით უცხოეთიდან, მათ შორის, რუსეთიდან მგზავრთა ავიაგადაზიდვების სუბსიდირებას ითვალისწინებს, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
24 ივლისს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კომპანიას – შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შეეძლება რუსეთიდან, ერევნის გავლით, ბათუმისა და თბილისის მიმართულებით მიმავალი მგზავრების ავიაგადაზიდვები დააფინანსოს.
ამ მიზნით, ორივე მიმართულებაზე წლიურად არაუმეტეს 600 ათასი ევრო იქნება გამოყოფილი (დღგ-ის გარეშე). თითოეულ მგზავრზე ფრენის ღირებულება კი 90 ევროს (დღგ-ის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს. შერჩეულმა ავიაკომპანიამ ფრენები ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში სულ მცირე ორი სიხშირით უნდა შეასრულოს.
საპარლამენტო ოპოზიცია ავიაგადაზიდვების სუბსიდირების გეგმას „ეკონომიკური თვალსაზრისით გაუგებარს“ უწოდებს და რუსეთზე დამოკიდებულების ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.
„გასული შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლებას ყოველთვის გამიზნული პოლიტიკა ჰქონდა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება უფრო მჭიდროდ იყოს დამოკიდებული რუსეთზე“, – განაცხადა დღეს პარლამენტის წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა. მისივე თქმით, „ეს ეკონომიკური დამოკიდებულება, მათ შორის, ტურისტული ბაზრის თვალსაზრისით, ეს არის მძლავრი პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტი“ რუსეთის ხელში.
„თუ სუბსიდირება უნდა ხელისუფლებას, რატომ არ უკეთებს სუბსიდირებას, მაგალითად, სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას“?- კითხულობს სამადაშვილი.
მთავრობის ინიციატივა პარტია ევროპულ საქართველოშიც გააკრიტიკეს და „არასწორი“ და „გაუგებარი პოლიტიკური სიგნალი“ უწოდეს მას.
პარლამენტის წევრის, ევროპული საქართველოს დეპუტატის გიორგი კანდელაკის თქმით, „მთავრობისვე ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მაგალითად, ერთი ბრიტანელი, ან გერმანელი ვიზიტორი საქართველოს ტერიტორიაზე ხარჯავს სამჯერ მეტ ფულს, ვიდრე რუსი ვიზიტორი“.
„ამ სიტუაციაში სრულიად გაუგებარია და არასწორია, რომ საქართველოს მთვარობა აჭიანურებს კონტრაქტის გაფორმებას წამყვან დაბალ ბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ და ფულს ხარჯავს რუსეთის მიმართულებით“, აღნიშნავს კანდელაკი.
ავიგადაზიდვების სუბსიდირების გეგმის კრიტიკას დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე გამოეხმაურა და ოპონენტები ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „გარკვეული პირები აქცენტს აკეთებენ მხოლოდ რუსეთზე, მაშინ როდესაც ხელშეწყობა განსაზღვრულია სამ მიმართულებაზე – ლონდონი, ბრიუსელი და ერევანი“.
ჩოგოვაძის განცხადებით, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერება საქართველოს ეკონომიკისათვის „მოულოდნელი დარტყმა იყო“, რაზეც „მთავრობამ სწრაფად მოახდინა რეაგირება“ და „სტიმულირების პაკეტი“ შეიმუშავა. მისი თქმით, ერევნის გავლით რუსეთიდან ავიარეისების დანიშვნა მნიშვნელოვანია იმ ქართველებისთვისაც, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და საქართველოში ჩამოსვლა გაურთულდათ. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები ევროპულ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთანაც მიმდინარეობს, რაც „მალე დასრულდება ორმხრივი შეთანხმებით“.
ჩოგოვაძის განცხადებით, „სტიმულირების პაკეტის“ ფარგლებში ხელშეკრულება ჯერ არცერთ ავიაკომპანიასთან გაფორმებული არ არის.
სტატისტიკური მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ტურიზმის წილმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 7.6% შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად კი, გასულ წელს საქართველომ 7.2 მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო, საიდანაც ვიზიტორთა 20% – 1.4 მილიონი რუსეთიდან იყო. ამ მაჩვენებლით, გასულ წელს, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს სტუმართა შორის ქვეყნების მიხედვით ჩამონათვალში მეორე ადგილი დაიკავეს.
2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 690 ათასს აჭარბებს, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 31.2%-ით აღემატება. ამასთან, რუსი ტურისტები ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 21%-ს შეადგენენ და ამ მაჩვენებლით ყველა სხვა ქვეყნის ვიზიტორს უსწრებენ.
2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს 3.2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
გართულებულ ურთიერთობებს დაძაბულობა შემატა ტელეკომპნია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისამართით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ 7 ივლისს გაჟღერებულმა გინებამ. 9 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმაში, „უწყვეტი ანტირუსული პროვოკაციების“ გამო, საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ, თუმცა პრეზიდენტმა პუტინმა „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის“ გამო სანქციების შემოღება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებასა და ქვეყნის დესტაბილიზაციაში ოპოზიცია არაერთხელ დაადანაშაულა.
12 ივლისს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ ინიცირებული სანქციების შემოღების შემთხვევაში საქართველოს 4 მილიარდი ლარის ოდენობის ზარალი მიადგებოდა. „ჩვენ ჯერაც არ ვიცით, როგორ აისახება ეს ტურისტული ნაკადების შემცირებაზე და არამხოლოდ რუსეთიდან. იმიტომ, რომ რადგან ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რა თქმა უნდა, კითხვები გაჩნდა სხვა ქვეყნების ტურისტების მხრიდანაც, რასაც ჩვენ ვპასუხობთ“, – განაცხადა თურნავამ.
17 ივლისს ჟურნალისტებთან ინტერვიუში საქართველოსთვის რუსი ტურისტებისა და რუსეთის ბაზრის მნიშვნელობას ხაზი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც გაუსვა. მისი თქმით, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის წევრების მცდელობისა, რომ „საქართველოში ტურიზმი შეჩერდეს“, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ „საქართველო განვითარდეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)