სოხუმი საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს გმობს
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „Agile Spirit 2019“, რომელიც 27 ივლისს დაიწყო და 9 აგვისტომდე გაგრძელდება, „მადესტაბილიზებელ ხასიათს ატარებს“ და „უარყოფითად აისახება უკლებლივ ყველა მეზობელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“.
„საქართველო და მისი დასავლელი მფარველები მორიგ ჯერზე ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ ღიად ემხრობიან მილიტარიზაციას, რაც არ შეესაბამება რეგიონში ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – აცხადებენ სოხუმში.
„მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკა არამხოლოდ უქმნის პირდაპირ საფრთხეს აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ არღვევს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფუძვლებს“, – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.
სოხუმის თანახმად, „საქართველოს პარტნიორებმა“ უნდა გააცნობიერონ, რომ მსგავსი ქმედებები „აღვივებს ქართველი „ქორების“ რევანშისტულ განწყობებს“ და შეიცავს საფრთხეს, რომ ჩაიშალოს „ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი დიალოგის“ დამყარების მცდელობები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოხუმი ამ საკითხის დაყენებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე აპირებს.
სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 3000-ზე მეტი სამხედრო იღებს მონაწილეობას, მათ შორის, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მონტენეგროდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.
„Agile Spirit“ პირველად 2011 წელს, აშშ-საქართველოს ორმხრივი სწავლების ფორმატში ჩატარდა. 2015 წლიდან წვრთნებს არაერთი ქვეყანა შეუერთდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)