ლევან ბერძენიშვილი
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი
„დღევანდელი აქცია არის ცოტა სხვანაირი. ადრე აქციები, ჩვეულებრივ, იყო პოლიტიკური ხასიათის და მიჰყავდათ პოლიტიკურ პარტიებს, მასში მონაწილეობდნენ აქტივისტები არა მარტო გამომსვლელებში, არამედ დამსწრე საზოგადოების სახითაც. ჩვენ პირველად გვაქვს შემთხვევა, როდესაც გამოვიდა მთელი საზოგადოებრივი ფენა, მაგრამ ძირითადად გამოვიდა ახალგაზრდობა, რომელმაც გამოხატა პროტესტი იმიტომ, რომ ასაკოვან ხალხს ასე ვთქვათ, ატროფირებული აქვს ეროვნული ღირსების გრძნობა. მათ იგრძნეს თავი შეურაცხყოფილად, როდესაც გავრილოვი დაინახეს, მაგრამ ეს შეურაცხყოფა იყო ესთეტიკური ხასიათის (მოქმედებას არ გამოიწვევდა) და ახალგაზრდობა აფეთქდა. ახალგაზრდობა არის ჩვენი საუკეთესო ნაწილი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი დაიბადნენ თავისუფალ ქვეყანაში, მონობა არ გამოუვლიათ, ქრთამი არ მიუციათ, საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ. ამიტომ, ესენი ჩვენზე უკეთესები არიან.
ეს აქცია სწორედ იმიტომ არის ასე ხანგრძლივი და იმიტომ არის ასეთი ხასიათის, რომ ის, ასე ვთქვათ, არ აწვება ხალხმრავლობას. ასევე, შეუძლიათ ფორმები ცვალონ, იმიტომ, რომ ახალგაზრდულია. პოლიტიკოსებმა, შეიძლება, სადავეების ხელში აღება სცადონ, მაგრამ აზრი არ აქვს იმიტომ, რომ პოლიტიკოსების აქცია ხანმოკლეა ხოლმე და მოთხოვნები იზრდება ხოლმე. იმისთვის, რომ ხალხი მოიყვანო, საჭირო არის, მოუმატო და მოუმატო მოთხოვნებს. თუ არ მოუმატე, ხალხი მოგაკლდება. აქ ასე არ ხდება. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის აქცია, მაგრამ ეს არის პოლიტიკური აქცია გაკეთებული საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ. ამიტომ, იგი მიდის ისე, როგორც მიდის, ახალგაზრდული ენერგიით და ამიტომ გრძელდება დიდხანს და კიდევ გაგრძელდება.
ხელისუფლებას ჰგონია, რომ რადგან აქ დღეს 200 კაცზე მეტი არ იდგა, ყველაფერი დამთავრდა. პარლამენტშიც ხომ 150 არიან და მთელ ქვეყანას გამოხატავენ? ეს 200 გამოხატავს ახლა მთელ ახალგაზრდობას. [ხელისუფლება] არ აფასებს ადეკვატურად [მიმდინარე მოვლენებს], არ აქვთ უნარი ადეკვატურად შეფასების. ისინი ანგარიშობენ ამომრჩევლებით და ახალგაზრდობას ამ ამომრჩეველში არ ანგარიშობენ, მაგრამ დადგა დრო, როდესაც მოდის ის ამომრჩეველი, რომელიც დაიბადა თავისუფალ ქვეყანაში. ესენი სხვა ხალხია. თქვენ საბჭოთა ადამიანს შიშისგან ვერ გაათავისუფლებ. გახარიას ვერ გაათავისუფლებ, იმიტომ, რომ ბიძინასი ეშინია, ბიძინას ვერ გაათავისუფლებ შიშისგან, მილიარდების დაკარგვის ეშინია. ყველაფრის მიმართ უშიშარობა სხვანაირად მოვიდა ამ ახალგაზრდებში. მე პარტია შევქმენი იატაკქვეშეთში და მეორე დღეს 40 მქონდა სიცხე შიშისგან. თან მეშინოდა, თან მაინც შევქმენი. თუმცა, დღევანდელი ისე შექმნის, რომ მას სიცხე არ აუწევს და ამაშია საქმე.
ამ აქციებმა აჩვენა ის, რომ პირველი აქციაა საქართველოს ისტორიაში, რომელსაც არ შეუცვლია სამი მოთხოვნა, რაც თავიდანვე წარმოადგინა. ეს არის კულტურული მიღწევა. მე ყოველთვის ვაკვირდები ასეთ რამეს – ხალხის სასარგებლოდ თუ ლაპარაკობ, ანუ უმრავლესობას რაც მოეწონება, ჭკვიანურს ვერასდროს ვერაფერს იტყვი, იმიტომ, რომ უმრავლესობას რაც მოსწონს, მოძველებული და დამყაყებულია. როდესაც ნაციონალური მოძრაობა გადარჩა იმ არჩევნების შემდეგ [2012 წლის საპარლამენტო არჩევნები], მე ვთქვი, რომ ეს კარგია. თავის დროზე მამარდაშვილმა თქვა, მიტინგი არის ადგილი, სადაც არ შეიძლება შედგეს აზროვნების აქტი. ეს არ არის მიტინგი. ეს რაღაც სხვა არის, სადაც შეიძლება, რომ შედგეს აზროვნების აქტი. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ შეიძლება ვთქვა, რომ მრავალფეროვანი შეიძლება ვიყოთ, სადაც შეიძლება ზვიადისტებმა და მიშისტებმა მე მომისმინონ. არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ აუცილებლად ერთმანეთის იდეოლოგიაზე ვიდგეთ. მაგალითად, ფეხბურთში მე ვარ მადრიდის რეალის გულშემატკივარი, ჩემი ძმა ბარსელონის და დავკარგო? პოლიტიკაც ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია, ის არ არის ყველაფერი. მე ოპერაცია გამიკეთა ადამიანმა, რომელიც მწარე ზვიადისტი იყო. მე მას ვენდე, მიუხედავად იმისა, რომ იმ კაცს, ალბათ, რაღაც წარმოდგენები აქვს ჩემზე, მაგრამ შემხედა როგორც პაციენტს და შევხედე როგორც ექიმს.
უნდა გვესმოდეს, რომ, რაც ახლა აქ ხდება, არის ახალი კულტურული ფენომენი. აგვისტოში მთავრობა მშვიდად იქნება, იმიტომ, რომ აქ მშვიდი აქციები იქნება. სექტემბერში ისევ გადაიკეტება ქუჩა, ისევ მოვა 50 000, 60 000 ახალგაზრდა და ოქტომბერში, შეიძლება, მოვიდეს 200 000, იმიტომ, რომ ახალგაზრდობა არის თავისიანებისკენ, მას ვერ გადაიბირებს მამა, რომელიც ეტყვის, რომ შვილო მაცადე ქრთამის მიცემა.
ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონოდა, იმ ერთ დათმობას [კობახიძის გადადგომა] გააკეთებდა თავიდანვე და არაფერი მოხდებოდა. ვერავინ მოგცემდათ გარანტიას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იმ დღესვე რომ გადამდგარიყო, აქცია გაგრძელდებოდა. არ გაგრძელდებოდა იმიტომ, რომ მთელი მუხტი წავიდოდა ამაზე. მაგრამ იმან შემოთვალა, რომ „რა იდიოტობაა, რატომ უნდა გადავდგეო“ და ამან გამოიწვია ყველაფერი. ასე რომ, ხელისუფლებამ თავის თავს მიხედოს, მან თვითონ უზრუნველყო სამი მოთხოვნა, თორემ ერთი მოთხოვნა იქნებოდა საკმარისი. ამიტომ მოქმედება არის საჭირო სწრაფად. მიხეილ სააკაშვილს აქვს ბევრი ნაკლი, მაგრამ სწრაფი მოქმედების ნაკლი მას არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს აქვს ბევრი ნაკლი, შეიძლება ღირსებაც აქვს, მაგრამ ერთი ნაკლი – ის, რომ გადაწყვეტილებას ვერ იღებს იმიტომ, რომ სძინავს პოლიტიკურად. გამოუცდელია, უვიცია, უწიგნურია, ჩაუხედავია და პოლიტიკურად ბეცია. გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე სააკაშვილმა იცის: 7 ნოემბერს [2007 წლის] გადადგა, სარისკო იყო, კინაღამ წააგო, მაგრამ რისკი გაწია, ამან [ივანიშვილმა] ვერ გაწია, იმიტომ, რომ სუსტია ძალიან“.