პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო რეფორმის მთავარ საკითხებზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად შემუშავებული ცვლილებები არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
ცვლილებები რამდენიმე კანონს, მათ შორის, საარჩევნო კოდექსს და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს ეხება და იმ რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), საქართველოს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საბოლოო ანგარიშში გამოაქვეყნა.
საარჩევნო რეფორმის პრიორიტეტებს შორის არჩილ თალაკვაძემ შემდეგი საკითხები გამოყო:
- შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა და პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მაინც მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მოპოვებული ხმების შესაბამისად მიიღებს;
- პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, 30%-იან დანამატს კვლავ მიიღებს;
- უფასო საეთერო დრო თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. ამასთან, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. აგრეთვე, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი;
- ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები კვლავინდებურად 13 წევრისგან დაკომპლექტდება, თუმცა პოლიტიკური პარტიების 7 წევრიანი კვოტიდან უმრავლესობა ოპოზიციას ექნება;
- წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული;
- პარტიების რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 000 მხარდამჭერის ხელმოწერით;
- ეტლით მოსარგებლე ადამიანი უფლებამოსილი იქნება თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი არაუგვიანეს არჩევნებამდე ექვსი დღისა და თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს;
- დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი და ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი, ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.
საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებასაც შეეხო, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, 2024 წლის ნაცვლად, უკვე 2020 წელს ითვალისწინებს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ეს საკონსტიტუციო ცვლილება „საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდების მკაფიო და გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ“ შეიმუშავა და ამით იმ უპირატესობაზე თქვა, რომელსაც მას მაჟორიტარული მანდატები ანიჭებდა.
„ჩვენ გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში პოლიტიკა საქართველოში იყოს დემოკრატიული, უფრო დაბალანსებული და მშვიდი. შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის“, – აღნიშნა მან.
არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ქართული ოცნებას ამ „მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმის“ გასატარებლად „პოლიტიკური ნება და მზადყოფნა“ აქვს და იქვე დასძინა, რომ ამ ცვლილებებს „ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება“ დასჭირდება.
ოპოზიციური პარტიების შეფასებები
ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს კრიტიკულად აფასებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები „უფრო დამძიმებული საარჩევნო გარემო“ შექმნის.
„მიმდინარეობს ქართული ოცნების დიქტატის ქვეშ საარჩევნო კანონმდებლობის განსაზღვრა, რაც ბუნებრივია, ხელს არ შეუწყობს ისედაც გაუარესებულ საარჩევნო გარემოს“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ოცნების მიერ წარმოდგენილ ვერსიაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს, ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძეც.
მისი შეფასებით, არის ბევრი თემა, რომელზე მსჯელობაც უნდა გაგრძელდეს, „თუმცა, მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ საზოგადოებისთვის გვაქვს, არის ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის განწირული, უბრალოდ არჩევნებზე მშვიდობიანად, დემოკრატიული წესით უნდა უზრუნველვყოთ მისი გაშვება ოპოზიციაში“, – განაცხადა კახიძემ. „ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევეცდებით, დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ საარჩევნო გარემოც იყოს გაუმჯობესებული“, – დასძინა მან.
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც. ის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გაზიარების აუცილებლობაზეც მიუთითებს.
24 ივნისს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თბილისში მიმდინარე საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ქართულმა ოცნებამ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტი პარლამენტში 1 ივლისს წარადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)