სოჭში პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოსთვის დანიშნულ „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ 20 დღით ადრე, 6 აგვისტოს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას შეხვედრა გაიმართა. 

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და მისი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. 

შეხვედრის დასაწყისში, ვლადიმირ პუტინმა ყურადღება აფხაზეთში დანიშნულ არჩევნებზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები „დემოკრატიულ პრინციპებთან მკაცრი შესაბამისობით ჩატარდება და ხელს შეუწყობს რესპუბლიკის შემდგომ სტაბილიზაციას – როგორც ეკონომიკური კომპონენტის სტაბილურ განვითარებას, ისე პოლიტიკურ სტაბილურობას“.

თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ „აფხაზი ხალხის სახელით“ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „რესპუბლიკის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის“ და ისაუბრა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ენერგოსისტემაში მიმდინარე სამუშოებსა და გზების მშენებლობაზე. 

„ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვნია ის სამუშაოები, რომელიც ჩვენ ადრე განვიხილეთ, რაც ჩვენს თავდაცვის უწყებებსა და სამართალდამცველ სტრუქტურებს ეხება“, – აღნიშნა ხაჯიმბამ. 

ხაჯიმბა ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების – საზღვაო და საჰაერო მიმოსვლასაც  – შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოები „აფხაზეთს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას მისცემს“.

აფხაზეთში დანიშნული „საპრეზიდენტო არჩევნების“ მომდევნო დღეს, 26 აგვისტოს სოხუმში რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-11 წლისთავს აღნიშნავენ. 

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, მოსკოვმა, აფხაზეთთან ერთად, ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა

რუსეთის გარდა, ორი რეგიონის დამოუკიდებლობა დღემდე მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)