ევროკავშირის განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით
2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში“.
ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. “ბორდერიზაციის”, გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების დარღვევის მეშვეობით“.
ევროკავშირი მიესალმება და მხარს უჭერს „ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაზე მიმართულ ყველა მხარის გულწრფელ და აპოლიტიკურ მცდელობებს“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი განაგრძობს „საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას“, მათ შორის, „სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით“.
„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)