აშშ მოუწოდებს რუსეთს საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება გააუქმოს
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს და რუსეთს ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
საქართველოში აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მორგან ორტაგუსის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ომის შედეგები ბევრისთვის დღემდე გრძელდება, რაც განადგურებულ საარსებო წყაროში, დაშორებულ ოჯახებში, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვასა და კერძო საკუთრების ხელყოფაში გამოიხატება.
„მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში. ბორდერიზაციის დასრულების შემთხვევაში, სოფელს საირიგაციო სისტემა ჩაეკეტება. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის საქართველოში შეჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევაა.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანის შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს და შეასრულოს პირობა საქართველოს მიმართ ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამასთან, აშშ მხარს უჭერს „ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანისა და დევნილის სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას“.
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ველოდებით იმ დღეს, როდესაც ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულებას”, – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ აშშ მანამდე არ დაასრულებს მუშაობას, სანამ „რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)