კავკასიის რესპუბლიკათა ერთობლივი მიმართვა პარიზის საზავო კონფერენციას
გაზ. საქართველო, 1919 წლის 10 აგვისტო, N170
კავკასიის რესპუბლიკათა მემორანდუმი
კავკასიის რესპუბლიკათა, სახელდობრ: საქართველოს, აზერბაიჯანის და მთიელთა რესპუბლიკის, წარმომადგენელნი გაეცნენ კოლჩაკისა და შეთანხმების (ანტანტის, რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) სახელმწიფოთა მიწერ მოწერას, და საზავო კონფერენციას მემორანდუმით მიმართეს.
მემორანდუმში ისინი კმაყოფილებას გამოსთქვამდნენ, კავკასიის ერებისადმი ყურადღებით მოქცევის გამო. კმაყოფილებას გამოსთქვამდნენ იმისთვის, რომ ისინი ისეთ ერთეულებად იცნეს, რომელსაც უფლება აქვს რუსეთთან, საჭიროების დროსაც, ხელშეკრულებაც კი დასდოს. ამასთანავე თავიანთ მთავრობების სახელით განაცხადეს, რომ კავკასიის ერები, რომელთაც თავიანთი დამოუკიდებლობის დასაცავად მრავალი მსხვერპლი გაიღეს, მტკიცედა სდგანან იმ აზრზე, რომ ისინი დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა იყვნენ.
შემდეგ მემორანდუმში ნათქვამია: კავკასიის რესპუბლიკებს თავისი პოლიტიკური მომავალი წარმოდგენილი აქვთ, ლიგის მფარველობის ქვეშ შექმნილ დამოუკიდებელ ერთეულებად. თბილისში მოწვეული კონფერენცია აწესრიგებს კავკასიის რესპუბლიკათა ურთიერთობების საქმეებს; მასზე ირჩევა საკითხები აგრედვე ამ სახელმწიფოთა შორის.
ამავე მიმართულებით მუშაობს კავკასიის რესპუბლიკათა პარიზის დელეგატები.
კავკასიის რესპუბლიკათა შინაურ ორგანიზაციის საქმე და მისი ნორმალურ პირობებში ჩაყენება მეტად გართულდა იმ ნაბიჯების გამო, რომელიც გენ. დენიკინმა გადასდგა კავკასიის რესპუბლიკათა მიმართ.
ამ ლაშქარმა კიდეც დაიჭირა მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორიის უმთავრესი ნაწილი და დანარჩენ კავკასიის რესპუბლიკათათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
დელეგატები დარწმუნებული არიან, რომ მოკავშირეები დენიკინის ლაშქარს ფულსა, და იარაღს იმისთვის კი არ უგზავნიან, რომ მან კავკასიის ერები დაიპყრას, არამედ შთააგონებენ მას, რომ დაჭერილი ადგილებიდან გავიდეს და პატივით მოეჰპყრას კავკასიის ერებს.
შემდეგ დელეგატები იმედს გამოსთქვამენ, რომ მოკავშირეთა კარის და ადგილობრივ ხალხის შორის კარგი განწყობილება დამყარდება, რომ კავკასიის მიმართ რაიმე ზომის მიღების დროს მხედველობაში მიიღებენ ადგილობრივ მთავრობათა მოსაზრებებს.