კიბერშეტევის გამო „ტელეკომპანია პირველის“ მაუწყებლობა შეფერხებულია
„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, 13 აგვისტოს, დილით, არხის ცენტრალურ სერვერზე „კიბერშეტევა განხორციელდა“, რამაც არხის სრული პარალიზება გამოიწვია და სრულფასოვანი მაუწყებლობა შეუძლებელი გახადა.
„ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა“ და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური განცხადებები“, – ნათქვამია „ტელეკომპანია პირველის“ განცხადებაში.
არხის კომერციული დირექტორის ნანა აბურჯანიძის განმარტებით, ამ მომენტისთვის, „ტელეკომპანია პირველის“ ტექნიკური ჯგუფი პრობლემის საკუთარი ძალით აღმოფხვრას ცდილობს, თუმცა პირდაპირი ეთერის აღდგენა ჯერ ვერ ხერხდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართეთ, იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმე შემთხვევაა და როგორც ვიცი, ახლა შსს აგზავნის ჯგუფს გამოსაკვლევად. ვერაფრის მტკიცებას დავიწყებ, თუმცა ძალიან ძლიერი შეტევაა, ერთიანად მოედო მთელ სერვერს და დარწმუნებული ვართ, რომ კიბერშეტევაა. თავისით ასეთი რაღაცები არ ჩნდება“, – აცხადებს იგი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ოფიცალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)