Conti International-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ტოვებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, ამერიკული Conti International-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ტოვებს. ინფორმაციას კონსორციუმში ადასტურებენ.
Conti International-ის პროექტიდან გასვლის დეტალებზე არ საუბრობენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“. საკითხზე დღეს მედიასთან კომენტარი კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტუმრობისას გააკეთა, სადაც მან ფრანგულ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მიიტანა და განმარტა, რომ მშენებლობის დაწყებისთვის პროექტი ტექნიკურად სრულად მზად არის.
ახვლედიანის თქმით, Conti International-ის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება „დღეს და გუშინ არ არის მიღებული და ამაზე საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა“. მისივე განმარტებით, თავად ფაქტი სასიამოვნო არ არის, მაგრამ „არ მომხდარა არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს პროექტი“.
ახვლედიანი ექსპერტების შეფასებას, რომ Conti International-ის კონსორციუმიდან გასვლა პროექტიდან დასავლეთის ჩამოცილებას ნიშნავს, არ ეთანხმება და ამბობს, რომ კონსორციუმი პროექტს წინ წასწევს და მას დასასრულამდე მიიყვანს. მისივე თქმით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და მთავრობას შორის კომერციული რისკების დაზღვევის შესახებ პუნქტი კვლავ შეუთანხმებელი რჩება, თუმცა კონსორციუმს ალტერნატიული ვარიანტიც აქვს, რაზეც დეტალურად სექტემბერში ისაუბრებენ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან Conti International-ის გასვლის შესახებ ინფორმაცია 15 აგვისტოს ონლაინგამოცემა accentnews.ge-მ „ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით გაავრცელა და გადაწყვეტილების მიზეზად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ ის ფაქტი დაასახელა, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის.
ამბის წინაისტორია
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 2014 წელს დაფუძნდა და მისი 99.99%-ს სს „ანაკლია ჰოლდინგი“ ფლობს, 0.01% კი – სახელმწიფოს საკუთრებაა. Conti International-ი „ანაკლია ჰოლდინგის“ 42%-იანი წილის მფლობელია, ამასთან 2018 წლის დეკემბრამდე მისი დამფუძნებელი – კურტ ჯერალდ კონტი ჰოლდინგში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომლის მფლობელიც, Conti International-თან ერთად, მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ჰოლდინგიც“ არის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა 2016 წლის თებერვალში მოიპოვა. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მშენებლობის პირველი ფაზა გასული წლის შემოდგომაზე დასრულდა. ხელისუფლებამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური რესურსის მოზიდვის დახურვის ვადა 2019 წლის დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების ირგვლივ კითხვის ნიშნები მაშ შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებიც ამავდროულად ანაკლიის პროექტის მთავარი პარტნიორები არიან, თიბისი ბანკის მიერ 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საგამოძიებო უწყება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად 2019 წლის 24 ივლისს, საქმის აღძვრიდან თითქმის ერთი წლის თავზე ოფიციალურად წარუდგინა. თბილისის საქალაქოს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება შეუზღუდა.
ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მათი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორებას უკავშირებს. მმართველი გუნდი კი, დაწყებული გამოძიების ანაკლიის პროექტთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებიდან მალევე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკში დაკავებული ყველა თანამდებობა დატოვეს. ამასთან, მათივე განცხადებით, თვის ბოლოს, ისინი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებულ პოსტებსაც დატოვებენ.
პარალელურად, თიბისი ბანკისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა.
დეტალებისთვის გადადით ბმულზე.