მორწმუნეები ეკლესიისგან ითხოვენ მღვდლებად განათლებული პირები აირჩიონ
საქართველო, 1919 წლის 19 აგვისტო, N177
სამღვდელოების ცხოვრებიდან
რევოლუციის პირველ ხანებში დიდი აღტაცებით გაიმართა საეკლესიო კრება, რომელმაც შეიმუშავა „დებულება“, მას აქეთ მისი ნაკლების შესწორებაც კი მოიწადინა საქათალიკოსო საბჭომ, მაგრამ ამ დებულების მუხლების უნაკლოთ გატარებისთვის კი არავინ ზრუნავს.
მაგ: დებულების ერთი მუხლი საზღვრავს სამღვდელო კანდიდატის ზნეობასა და სწავლას, ასე რომ კანდიდატათ ვერ იქნება წამოყენებული ის პირი რომელიც შესაფერი ხნოვანი არ არის და პროგიმნაზიული ოთხი კლასის ცოდნა არა აქვთ შეძენილი. მაგრამ ჩვენ რასა ვხედავთ: თუმცა ამ მუხლის მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი კანდიდატები ჯერ-ჯერობით მრავლად მოიპოვებიან, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ ყოველივე სასკოლო ელემენტარული მეცნიერების ცოდნის და შრომის ხალისს და უნარს მოკლებული 60-70 წლის, „ოსტავკაში“ გამოსავლელი მედავითნე სრულიად ადვილათ იდებს ჯიბეში მღვდლის გამოცდის მოწმობას და სადაც საარჩევნო ყუთი დაიდგმის იქ გამოცხადდება (ამ პერიოდში ხშირად მღვდლები აირჩეოდნენ მორწმუნეთა მიერ – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა), და დღევანდელი, ჩვენი, არჩევნების უფლების წესიერათ მოუხმარებლობით მოსარგებლე, ხშირად თავისზედ ღირს კანდიდატს ხახამშრალს უშვებს, ასე რომ უმისოდაც დაბეჩავებულ სამღვდელოებას ემატება უფრო დაღლილი, დრო მოჭმული და ყოველივე ცოდნას და უნარ მოკლებული თანაძმა.
ერთ მრევლში მღვდლის ადგილი იყო დაცლილი და მორწმუნენი არჩევნებისთვის იყვნენ შეკრებილნი. თავმჯდომარემ მრევლს ისეთი კანიდატების თხოვნები წაუკითხა, რომ ერთმა მოხუცმა-გლეხკაცმაც კი შენიშნა: „მარტო მამაო ჩვენოს მცოდნე და კუბოს კარებზე მდგარი პირი რომ გვდომოდა მღვდლათ, ამაზედ ხომ შორს არ წავიდოდით, მაგისთანა გადამდგარი მღვდელი ჯერეთ ხომ ცოცხალი გვყავსო“. მაგრამ გლეხის სიტყვამ ადრევე შემზადებულზედ ვერ გასჭრა და მღვდლათ აირჩიეს, უსათვალოთ ვერ მხედველი, ყოველივე საღვთისმეტყველო და სამეცნიერო ცოდნას მოკლებული მოხუცი მედავითნე, რომელსაც მხედრულათ დაწერილი ქადაგების წაკითხვაც კი ეძნელება, თუმცა ამ ადგილის დაცლა რომ ცოდნოდათ (1920 წლამდე სახელმწიფო ადმინისტრაციულ-სარეგისტრაციო ფუნქციების შესრულების გამო სოფლად მომუშავე სასულიერო პირებს გარკვეულ ანაზღაურებას აძლევდა – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) ბევრად მასზედ ღირსი და სასურველი კანდიდატებიც კი ითხოვდნენ ამ ადგილს.
ეს ფაქტი სახეში მისაღებია და საქალითიკოსო საბჭომ ამ ზემომოყვანილი დებულების მუხლის – სისრულეში მოყვანისათვის, სათანადო განკარგულება უნდა გასცეს, და განათლება მიუღებული კანდიდატი უუკიდურეს შემთხვევაშიდაც არ უნდა დაუშვას არჩევნებზედ, თუ კი მღვდლობის მსურველი კანდიდატი, ცოტაოდენი განათლების მქონე მაინც მოიპოვება სადმე; თორემ ისედაც დაბეჩავებული სამღვდელოების კადრი სრულიად გათახსირდება და დაეცემა და მისი აღდგენა საბოლოვოთ კი ძნელი იქნება.
მორწმუნე