დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საკრედიტო რეგულაციებს ამკაცრებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 21 აგვისტო, N185

ცირკულარი რესპუბლიკის ყველა საკრედიტო დაწესებულებას

რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ერთიანი საიმეპრიო საკრედიტო სიტემა მოიშალა, რამაც ხელი შუეწყო ფინანსურ სპეკულიანტობასა და საკრედიტო ჩეკების ხშირ შემთხვევაში უკანონოდ გამოყენებას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მუდმივად ცდილობდა ფინანსური მაქინაციების აღკვეთას. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმი ხშირად აკავებდა თაღლითებს, თუმცა პრობლემა მაინც გადაუჭრელი რჩებოდა. პრობლემას ართულებდა ერთიანი სახელმწიფო ბანკის არ არსებობაც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკი სრულფასოვნად მხოლოდ 1920 წლის 24 ივლისს ამოქმედდა. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო გამოსცემდა დეკრეტებს საკრედიტო სისტემის დასარეგულირებლად და შესაძლო თაღლითური სქემების აღსაკვეთად (რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა).

იმ ბოროტ-მოქმედებათა მოსასპობად, რომელსაც ჩეკების ხმარების საქმეში აწარმოებენ არა მარტო კერძო პირნი, არამედ, სამწუხაროდ, ზოგიერთი საკრედიტო დაწესებულებანიც, მთავრობის მიერ ამ წლის 9 აგვისტოს მიღებულ დადგენილების თანახმად, ფინანსთა მინისტრმა საჭიროდ სცნო ჩეკების ხმარებისათვის შემდეგი დროებითი წესები  დაედგინა:

„1. ამა წლის აგვისტოს პირველიდან დროებით სრულებით შესწყდეს აქტიურ ოპერაციებით ჩეკების გაცემა და ახალ ოპერაციების ანგარიშში ჩეკების მიღება (ოპერაციები, რომლებიც 1919 წლ. აგვისტოს პირველის შემდეგ მოხდა) აგრეთვე შეჩერდეს ჩეკების გაცემა პასიურ ოპერაციებთანაც ისეთ შემთხვევა გარდა, როდესაც ჩეკის დაუბრკოლებლივ განაღდება უზრუნველყოფილია ერთ-ერთ საკრედიტო დაწესებულების განსაკუთრებულ მარქაფა (სარეზერვო) ფონდით.

შენიშვნა:  1. განსაკუთრებულ შემთხვევაში და ყოველ ასეთ შემთხვევაში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრისა, ან მისი რწმუნებულების საგანგებო დასტურით, შეიძლება ერთი ძველი პასიური ანგარიში მეორეზე გადაირიცხოს, ხოლო ძველ ანგარიშებათ ჩაითვლება 1919 წლ. აგვისტოს პირველამდე გახსნილი ანგარიშები;

2. ძველი აქტიურ ოპერაციის (1919 წ. პირველ აგვისტომდე მომხდარი) ჩეკით ვალის გადახდა შეიძლება მაშინ, თუ კლიენტს ერთსა და იმავე საკრედიტო დაწესებულებაში აქვს ვალიც და თავის სახელობაზე მიმდინარე ანგარიშიც.

3. ძველი აქტიური ოპერაციის ჩეკებით აღებულ ვალის გადახდა შეიძლება, როგორც მოვალის სახელზე ისე სხვა პირთა სახელობაზე სხვა ბანკებში გახსნილი მიმდინარე ანგარიშებითაც, მხოლოდ პირველ შემთხვევაში ნაღდ ფულად უნდა წარადგინონ თავნი ვალისა 20% და სარგებელი, მეორე შემთხვევაში კი არა ნაკლებ 50% და სარგებელი.

4. ფულის გადაგზავნა ფულის გადახდის სხვა მინდობილებანი საქართველოს ფარგლებში ერთი ადგილიდან მეორეში მხოლოდ ნაღდი ფულით სწარმოებს ისეთ შემთხვევის გარდა, როდესაც გასანაღდებელია ძველი აქტიური ანგარიში, რომელიც შეიძლება მოხდეს პასიური ანგარიშებითაც მესამე მუხლში მოხსენებული წესით.

5. ძველი პასიური ანგარიშებით ნაღდი ფულის გასაცემად სახელმწიფო ბანკი თითეულს საკრედიტო დაწესებულებას განსაზღვრულ თანხას აძლევს“.

ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება სასტიკად იხელმძღვანელოს ზემოხსენებულის წესებით, რომლის აღსრულებასაც უსასტიკეს მეთვალყურეობას გაუწევს ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილება.

ფინანსთა დეპარტამენტის დირექტორის მაგიერ ალ. კანდელაკი

საკრედიტო განყოფილების უფროსი ღლონტი