„რუსთავი 2“ არ გაიყიდა – ხალვაში ტელევიზიის „გაჯანსაღებას“ საკუთარი რესურსებით იწყებს
ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მფლობელის მიერ ტელევიზიის გასხვისებისთვის გამოცხადებული ერთკვირიანი ვადის ამოწურვისა და შეძენის მსურველის არგამოჩენის შემდეგ, კომპანიის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ის მაუწყებელის გაკოტრების პროცესს არ დაიწყებს და ტელევიზიის „გაჯანსაღებისთვის“ მის ხელთ არსებულ ყველა „რესურსს და შესაძლებლობას“ გამოიყენებს.
19 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ხალვაში განმარტავს, რომ „რუსთავი 2“ კომერციულად გამართული ტელევიზია უნდა გახდეს, რომელიც პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით არ იქნება დამძიმებული და „ამ ვალდებულებებს ტელეკომპანიის ინტერესებს არ გადააყოლებს“.
ხალვაში მის უპირველს ვალდებულებად ტელევიზიის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან გათავისუფლებას, ხალხის სამსახურში ჩადგომას და ნდობის დაბრუნებას მიიჩნევს. მისი განმარტებით, „რუსთავი 2“ უნდა იყოს „კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი“.
პარალელურად, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან სამართლებრივი დავის გაგრძელებასაც გეგმავს, რომელიც მისივე შეფასებით, „შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და მხოლოდ სააკაშვილის ბრძოლის იარაღად იყენებდა“.
„დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი2“ უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“, – აცხადებს იგი.
„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გამოძიება მას „რუსთავი 2“-ისთვის 7.4 მლნ ლარის ზიანის მიყენებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს ნიკა გვარამიას 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე, ქვეყნის დატოვება შეუზღუდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)