მაკრონისა და პუტინის ხმელთაშუაზღვისპირა პაემანი
ბიარიცში დიდი შვიდეულის (G7) შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპული ლიბერალიზმის მებაირახტრემ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა რუსეთის მარადმწვანე პრეზიდენტ პუტინს ბრეგანსონის სიმაგრეში უმასპინძლა. „საერთაშორისო წესრიგს ისტორიული მომენტი უდგას“ და ჩვენმა ქვეყნებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა, რომელთა ურთიერთობა ამ წესრიგისათვის უმნიშვნელოვანესია, თანხვედრის წერტილები უნდა გამოძებნონო, თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა.
შეხვედრა უკრაინის აღმოსავლეთში განახლებული სროლის, მოსკოვში მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დარბევის, რუსეთ-ამერიკის შუალედური საშუალო სიშორის ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმების (INF Treaty) ჩავარდნისა და სირიის ქალაქ იდლიბში სისხლისღვრის ფონზე გაიმართა.
არადა, სულ რაღაც ხუთი წლის წინ იყო, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მსოფლიოს ბობოლა შვიდეულმა რუსეთი დიდი რვიანიდან რომ მიაბრძანა. როგორც აღმოჩნდა, დრო ნამდვილად ყველაფრის მკურნალია, მითუმეტეს, თუ ფრანგულ-რუსულ ურთიერთობებს ეხება საქმე. მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა ევროპის საბჭოში რუსეთის დაბრუნებაზე იჩალიშა, მაკრონისგან პუტინის მოპატიჟება, ალბათ, ბევრს აღარც გაჰკვირვებია.
რაზე იბაასეს მაკრონმა და პუტინმა?
მაკრონმა და პუტინმა ძირითადად უკრაინაზე, სირიის ქალაქ იდლიბში მიმდინარე მოვლენებზე, ლიბიაზე, ირანსა და კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი უკრაინის თემა იყო. მაკრონისათვის უკრაინა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ გერმანიასთან ერთად სწორედ საფრანგეთი ედგა სათავეში სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას უკრაინასა და რუსეთს შორის. თუმცა ე.წ. ნორმანდიული ოთხეული (უკრაინა, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი) უკვე ორი წელია აღარ შეკრებილა და რუსეთიც არხეინად აგრძელებს დონბასში ნაკვერჩხლების გაღვივებას.
თუმცა, დასავლეთში ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ მაკრონის ვაინაჩრობა, რამე ხეირი მოუტანოს უკრაინის სამშვიდობო პროცესს, ამაოდ ჩაივლის. მთავარი ისაა, ზელენსკი როგორ იყოჩაღებს და პუტინს რამდენად მოუნდება დათმობა, ეს უკანასკნელი კი ნაკლებად სავარაუდოაო.
ორმა ლიდერმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო სირიასაც. ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ იდლიბში შეტაკებები მიმდინარეობს ასადის ხელისუფლებასა და აჯანყებულებს შორის, ამ უკანასკნელთ რუსეთი და სირია ტერორისტებად მოიხსენიებენ. შეშფოთებულმა მაკრონმა პუტინს შეახსენა, უმნიშვნელოვანესია გასული წლის სექტემბერში სოჭში რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაო (რუსეთი ასადს უჭერს მხარს, თურქეთი კი მეამბოხეებს).
თუმცა, საუბარი მხოლოდ საგარეო პოლიტიკური თემების განხილვით არ შემოფარგლულა.
რუსეთის ევროპული მომავალი, ანუ ნეტარ არიან მორწმუნენი
მაკრონს ევროპის ლიბერალიზმის მესაჭეობაზე კი უჭირავს თვალი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის პუტინთან, ლიბერალიზმის დასასრულზე ქადაგად დავარდნილ ლიდერთან, იკურკუროს.
მიხეილ გორბაჩოვი იტყოდა – კატლეტები – ცალკე და ბუზები კი – ცალკეო. ძველი ევროპული სახელმწიფოების ჩვევაა, საერთაშორისო პოლიტიკის – ომისა და მშვიდობის – თემატიკა იდეოლოგიებისაგან ერთი მკლავის გაწვდენაზე ეჭიროთ. მაკრონიც იმ ძველ და კარგად გაკვალულ გზას მიჰყვება, რომელმაც ნაპოლეონი და ალექსანდრე პირველი ტივზე შეჰყარა.
თუმცაღა, პუტინის ოდიუმი დელიკატურ პარიზულ ცხვირებს შუაზღვისპირა ბრიზის ფონზეც კარგად სცემთ.
ამიტომაც იყო, რომ მაკრონმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების თემა ბრეგანსონში მაინც წამოწია – როგორც ეს მოსკოვში ვიზიტისას გააკეთა. სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ არჩევნებს პატივი ეცით – პროტესტის, სიტყვის, აზრისა და არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება რუსეთში ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ეს ევროპის საბჭოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიაო, დაარიგა ვლადიმირს ემანუელმა.
თუმცა ამ ერთგვარად ტრაფარეტულ მოწოდებაში ყველაზე საინტერესო მაკრონის მიერ იმის ხსენება იყო, რომ ეს ყველაფერი იმად მსურს, რომ მე ევროპული რუსეთისა მჯერაო. საფრანგეთის პრეზიდენტმა დოსტოევსკიც გაიხსენა: „რუსი რაც უფრო ევროპელობს, მით უფრო რუსიაო“. მე ასეთი ევროპისა მწამს, ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე გადაჭიმულისო, დაამატა პარიზელმა მეოცნებემ (ვინ იცის, ეგებ პუტინს ლისაბონის ქუჩებში ტრიუმფით შესვლა წარმოუდგა თვალწინ.).
რუსეთის ევროპულობითვე ახსნა მაკრონმა საფრანგეთის გადაწყვეტილება, თუ რატომაც დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოში რუსეთის დაბრუნებას.
პუტინის პოზიციები
ვლადიმირ პუტინი შეეცადა ეჩვენებინა, რომ კაგებეს ოფიცრებსაც შეუძლიათ ვერსალის ეტიკეტის ათვისება.
ფულს სუნი არ უდისო, ნათქვამია, და პრესასთან საუბარი პუტინმაც რუსეთსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკურ კავშირებზე საუბრით დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსული კომპანიები საფრანგეთში 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ, ფრანგები კი რუსეთში – 17 მილიარდისასო. აქ ხალთაში შემალული შუბიც გამოიკვალთა: ფრანგული ინვესტიციების უსაფრთხოებას რომ რუსეთის პატრონი განაგებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
ცხადია, პუტინმა გვერდი ვერ აუარა უკრაინის თემასაც. ბატონ ზელენსკის ამ ბოლოს რამდენჯერმე ვესაუბრე და სიფრთხილენარევი ოპტიმიზმის იმედი ნამდვილადა მაქვსო, ორლესულად განაცხადა რუსეთის ლიდერმა. პუტინმა ნორმანდიული ფორმატის მნიშვნელობასა და მისი მხრიდან ამ ფორმატის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და მას ალტერნატივა არა აქვსო, დაამატა.
რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების საქმეში საფრანგეთის მხარდაჭერის გამო და ისურვა, ვინძლო ბატონი მაკრონი ასეთივე სულისკვეთებით განმსჭვალული დაგვეხმაროს ევროკავშირთან ურთიერთობების გარანდვაშიო.
ასე ტკბილ-მწარე საუბარში გაილია ხმელთაშუაზღვისპირული საღამო. პრეზიდენტებმა ერთმანეთს წაკბინეს კიდეც: პუტინმა თქვა, სულაც არ მსურს, მოსკოვში ფრანგული ყვითელი ჟილეტების მსგავსი რამ ვიხილოო. მაკრონმა კი უპასუხა, მოსკოველი დემონსტრანტებისაგან განსხვავებით, ყვითელჟილეტიანებს მაისში ევროპულ არჩევნებში მონაწილეობაც შეეძლოთ და მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიან კენჭსო.
მოკლედ, იმპერიული ბრწყინვალების შარავანდედში განიბანნენ, იუპიტერის ტოლა ეგოც დაიკმაყოფილეს და საკუთარი თავით კმაყოფილნი დაიშალნენ.
შეჯამების მაგიერ: ექსპერტის თვალით
2017 წელს მაკრონის გაპრეზიდენტებიდან დღემდე, ბრეგანსონის სიმაგრეში შეხვედრის ჩათვლით, ეს ორ ლიდერს შორის რიგით მეშვიდე ორმხრივი შეხვედრაა.
ტატიანა კასტუევა-ჟანმა (Tatiana Kastueva-Jean) „საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგული ინსტიტუტიდან“ (IFRI) სამოქალაქო საქართველოს უთხრა, რომ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, 2014 წლიდან, ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერიოდიდან, „დიალოგი და შეუპოვრობის“ ფორმულით შეგვიძლია აღვწეროთო. 2019 წლის ზაფხულიდან კი, მისი თქმით, ეს პოლიტიკა დიალოგისაკენ უფრო გადაიხარა.
მკლევრის აზრით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
პირველი: ბრექსიტის, ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის თარიღის მოახლოებისა და ევროკავშირის ახლადარჩეული ლიდერების ფონზე, სწორედ მაკრონია ის ერთადერთი ლიდერი ევროპაში, ვისაც რუსეთის შესახებ ახალი ინიციატივის წამოყენება შეუძლია.
მეორე: ტატიანა ჟანის აზრით, ზელენსკის მიერ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას საფრანგეთი იმ შესაძლებლობად აღიქვამს, რომელიც დონბასის საკითხის მოსაწესრიგებლად ხელიდან არ გაიშვება.
რთული სათქმელია, რამდენად შეცვლის რუსეთის პოლიტიკას სირიაში, უკრაინაში თუ სხვა მიმართულებით მაკრონი-პუტინის შეხვედრა, თუმცა ის კი სავარაუდოა, რომ რამდენიმე დღეში, მაკრონი პუტინის პოზიციებს და მასთან საუბრის საკუთარ შთაბეჭდილებებს დიდი შვიდეულის ლიდერებს საფრანგეთის ბასკეთის ზურმუხტ-ქალაქ ბიარიცში გაუზიარებს.
- მოსაზრება: პუტინის საფრანგეთში მოპატიჟება მის აგრესიულ ქმედებებს წაახალისებს
- პუტინიზმის კვლავწარმოების პრობლემები
პუტინისაც ვთქვათ. სავარაუდოა, რომ კრემლი მაკრონთან ორნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელებულ შეხვედრას ერთგვარ სიგნალად მიიღებს, რომ ევროპულ არენაზე დაბრუნდა და, შესაბამისად, აგრესიული პოლიტიკა „გაუდის“.
ამ დროს, ყირიმი ისევ ანექსირებულია, სკრიპალების საქმე სკრიპალების საქმედ რჩება, მალაიზიური ავიახაზების MH17 რეისის ჩამოგდებისათვის ხუთი წელია არც არავინ დასჯილა, ევროპულ არჩევნებში რუსული შავი ფულის კვალზე კი ორი ახალი ამბავი წამოტივტივდა…
ჰო, მართლა, მაკრონი და პუტინი რუსეთ-საქართველოს შორის საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული 12 აგვისტოს შეთანხმებიდან თითქმის 11 წლის თავზე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ამ შეხვედრაზე საქართველო არც აღარავის გახსენებია.
სტატია მომზადებულია საკუთარ თავზე, ევრონიუსზე, CNBC-ზე, France 24, DW-სა და Politico-ზე დაყრდნობით.