დემოკრატიული რესპუბლიკის სურსათით მომარაგების საქმე უმჯობესდება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 22 აგვისტო, N186
მთავარ მომარაგების სამართველოში
რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად, საქართველო და მთლიანად ამიერკავკასია, რომელიც ძირითადად სამხრეთ რუსეთიდან მარაგდებოდა მარცვლეულითა და სხვა სასურსათო საქონლით, სასურსათო კრიზისის პირობებში აღმოჩნდა. სამხრეთ რუსეთში გაბატონებული თეთრი რუსეთის ძალები, რომლებიც საქართველოსთან სამხედრო მოქმედებას აწარმოებდნენ, მკაცრად კრძალავდნენ ყუბანიდან და სხვა მხარეებიდან საქართველოში სურსათის ექსპორტს. დიდი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიზღუდა ოსმალეთის სრუტეების გავლით სურსათის შემოტანაც, რამაც ამიერკავკასიაში სასურსათო კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. 1919 წლის დასაწყისში საქართველოში ფქვილის, შაქრის და სხვა სასურსათო საქონლის მნიშვნელოვანი ნაკლებობა შეიმჩნეოდა (თუმცა შიმშილობას ადგილი ნაკლებად ჰქონდა). ქართველ გლეხებს მათ მიერ მოყვანილი მცირე სურსათის ბაზრად გატანა არ სურდათ, რის გამოც კრიზისი უფრო მეტად ქალაქის მოსახლეობას აწუხებდა. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ცდილობდა სურსათის იმპორტის ალტერნატიული გზების გამონახვას, ეს ძირითადად აზერბაიჯანის გავლით შუა და აღმოსავლეთ აზიიდან საქონლის იმპორტს გულისხმობდა. 1920 წლიდან მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა, გაიზარდა ქვეყანაში წარმოებული სურსათის ბაზარზე გამოტანის მოცულობაც (რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა).
ფქვილის მიღება
აზერბაიჯანიდან მთავარ მომარაგების სამართველომ მიიღო 25 ვაგონი ფქვილი, რომელიც განაწილდება ქალაქსა და კერძო დაწესებულებებს შორის.
ჩაის მიღება
მთავარ მომარაგების სამართველომ მიიღო კარგი ღირსების ცეილონის ჩაი სულ ოცი ათასი გირვანქა. ეს ჩაი სამჯერ ნაკლები ეღირება ბაზრის ფასებზე. ამ დღეებში სამართველო მიიღებს კიდევ 40 ათასი გირვანქა ჩაის ვისოცკის ფირმისას.
შაქრის შესყიდვა
მთავარ მომარაგების სამართველომ შეისყიდა ოცი ათასი ფუთი შაქარი – რაფინადი მარსელის ფირმა „მირზაიანცისაგან“. ეს შაქარი ამ ორ დღეში შემოვა ტფილისში და გაიყიდება გაცილებით იაფად ვიდრე ბაზარზე იყიდება დღეს. დაახლოებით გირვანქა შაქარი ეღირება 25-27 მანეთი.
ლურსმნეულობის მიღება
მთავარ მომარაგების სამართველომ მიიღო 11 ათასი ფუთი ლურსმანი, რომელიც ძლიერ ესაჭიროება ამ ჟამად სოფელს, სადაც სამართველო აპირებს გაგზავნოს პურზე გადასაცვლელად.
ფართლეულობის მიღება
მთავარ მომარაგების სამართველომ ამავე ფირმისგან შეიძინა დიდძალი ფართლეულობა დაახლოებით ოთხ მილიონ მანეთისა. საქონელს სამართველო ამ დღეებში მიიღებს ტფილისში.
პურის დამზადება
პურის დამზადების საქმეს სამართველო ენერგიულათ აწარმოებს. სოფლათ აგზავნის ფართლეულობას და სხვა საჭირო საგნებს, რომელიც დაეთმობა იმათ ვინც მთავრობას დაუთმობს პურს.