არასამთავრობოები და ომბუდსმენი „რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებებს ეხმაურებიან
12 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და არხის ახალი მფლობელის მიერ „განხორციელებულ და დაანონსებულ“ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს.
20 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ „რუსთავი 2“-ის „წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა“, რასაც ნეგატიური გავლენა ექნება, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ისე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.
მათივე თქმით, „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტის მხრიდან არხზე არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ მინიშნებებით ჟურნალისტებისთვის „არამდგრადი გარემოს შექმნა“ და არხიდან მაღალი რეიტინგის მქონე ტელეწამყვანების გათავისუფლება ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ ეჭვებს აღრმავებს.
არხის ახალი მმართველების მხრიდან ჟურნალისტების გათავისუფლების გადაწყვეტილებას სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების დაწყებად აფასებს კოალიცია მედიაადვოკატირებისთვისაც, რომელიც „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გუშინ ცალკე განცხადებით გამოეხმაურა.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ „მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა ან ცენზურა“. ამასთან, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებენ და საჭიროების შემთხვევაში, ამ პროცესში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
„რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გაშვების საკითხს, გუშინ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსისთვის და მთავარი ტოქ-შოუების წამყვანებისთვის შრომითი კონტრაქტების შეწყვეტა არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს.
ამასთან, გათავისუფლებული ჟურნალისტების მხრიდან მიმართვის შემთხვევაში, ომბუდსმენი მზად არის შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, ასევე „გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით“.
ამის შემდეგ, არხი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მიხეილ სესიაშვილმა და დიანა ჯოჯუამ დატოვეს. მათ 9 საათიანი „კურიერის“ დაწყებისას მაყურებელს გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართეს, რის შემდეგაც დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება შეწყდა და მას შემდეგ ეთერში „კურიერი“ აღარ გასულა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბოიკოტის რეჟიმში არიან და ისინი დღეს გადაღებაზე არ გასულან. ასევე მედიის ინფორმაციით, ტელეკომპანიის მფლობელებმა კურიერის წაყვანაზე ვერცერთი ჟურნალისტი დაითანხმეს.
12 საათიანი კურიერის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, არხის ვებგვერდზე განცხადება დაიდო, სადაც ნათქვამია, რომ 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდოდა. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ დამატებით ინფორმაციას მაყურებელი მათი საიტიდან შეიტყობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)