პროკურატურამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის „ყველა საბანკო ანგარიში“ დააყადაღა. ინფორმაცია 20 აგვისტოს მამუკა ხაზარაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ეს ქმედება მათ მიერ გაცხადებული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნისა და ყველა მიმდინარე საქველმოქმედო და ბიზნესპროექტის, მათ შორის, ანაკლიის საბოლოოდ გაჩერებას ემსახურება. „ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!“, – ამბობს იგი.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყადაღა 16.7 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტის ქონებას დაედო. სწორედ ამ ოდენობის თანხის „დანაშაულებრივი გზით მოპოვებას“ ედავება ბრალდების მხარე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც 2018 წლის აგვისტოდან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.
პროკურატურის განმარტებით, „ყადაღა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე“. უწყებისვე განცხადებით, სასამართლოს ყადაღის დადების შუამდგლობით „სისხლის საპროცესო კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციებისა და რეკომენდაციების შესაბამისად“ მიმართეს.
საგამოძიებო უწყება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად 2019 წლის 24 ივლისს, საქმის აღძვრიდან თითქმის ერთი წლის თავზე ოფიციალურად წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება შეუზღუდა.
ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მათი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორებას უკავშირებს. მმართველი გუნდი კი, დაწყებული გამოძიების ანაკლიის პროექტთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებიდან მალევე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკში დაკავებული ყველა თანამდებობა დატოვეს. ამასთან, მათივე განცხადებით, აგვისტოს ბოლოს, ისინი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებულ პოსტებსაც დატოვებენ.
პარალელურად, თიბისი ბანკისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა.
თიბისი ბანკის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)