არასამთავრობოები: „სახეზეა სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია“
ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „მედიის განვითარების ფონდი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ და სხვები, „ტვ პირველის“ მფლობელის ვატო წერეთლის მამის – ავთანდილ წერეთლის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას ეხმაურება და გამოთქვამს ეჭვს, რომ „საგამოძიებო პროცესი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის“.
22 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც „კრიტიკულ მაუწყებელზე“ მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილებას „რეალურად მოჰყვა“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, „უკიდურესად შემაშფოთებელია კიდევ ერთი კრიტიკული ტელემაუწყებლის – „ტვ პირველის“ მფლობელის ოჯახის წევრისათვის ბრალის წარდგენა.
„მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
„სახეზეა არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის“, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით“.
განცხადების ავტორები მიმართავენ საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც, რომ საქმესთან დაკავშირებით „წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები“, რათა „საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით“.
არასამთავრობოები ასევე მიმართავენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ „განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ“ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომლებიც „როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებულ სისტემურ გამოწვევებზე მიუთითებს“.
ამავე საქმეზე, ბრალი წარდგენილი აქვთ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომელებსაც გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)