გრემ ბრუკი: დეზინფორმაცია-პოლარიზაციით ცდილობენ ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირონ

ავტორიტარული რეჟიმები დეზინფორმაციას როგორც საკუთარ, ისე სხვა ქვეყნებში მოქალაქეების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად, უნდობლობის დასათესად და ბევრი სხვა მიზნით იყენებენ. ბოლო წლებში, რუსეთში თუ სხვაგან, დეზინფორმაციული მანქანა სახელმწიფო დონეზე მუშაობს. კრემლი არ ერიდება არამხოლოდ მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, არამედ ისეთ დასავლურ დემოკრატიაზეც ცდილობს გავლენის მოხდენას, როგორიც შეერთებული შტატებია. აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მისი მთავარი მიზანი ხშირად არსებული სოციალური უთანხმოებისა და დამაპირისპირებელი საკითხების გამწვავება და მათი კონფლიქტებად გარდაქმნაა. როგორ იყენებდა 11 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს და როგორ იყენებს ამგვარ ტაქტიკას რუსეთი დღეს? ეს და სხვა კითხვები „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს, გრემ ბრუკის „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ეკა მაღალდაძემ დაუსვა.

გვითხარით, როგორ და რა მიზნით შეიქმნა „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია“ და ვინ არიან „ციფრული სფეროს შერლოკები“?

ეს „ატლანტიკური საბჭოს“ ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც დეზინფორმაციასთან გამკლავებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, ამოვიცნოთ, გამოვავლინოთ და ავხსნათ დეზინფორმაცია. ამ უკანასკნელს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. იდენტიფიცირება-გამოვლენის პროცესი ფაქტების შემოწმებას მოიაზრებს, ანუ იმის დადგენას, ესა თუ ის ამბავი ფაქტია, სიმართლეა, თუ გამონაგონი; თუმცა, ჩვენს ფოკუსს მაინც თითოეული შემთხვევის ახსნაზე ვასწორებთ. საიდან იწყება ეს ამბავი, რა არის მისი „შუა ნაწილი“ ან როგორია დასასრული, ვინ არიან ჩართულნი ამ ამბავში? რა ტაქტიკაა გამოყენებული [ამბის გავრცელებისას]? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰქონდა თუ არა მას რეალურად საზოგადოებაზე გავლენა? მიაღწია თუ არა მან ნამდვილად ადამიანებამდე და შეცვალა თუ არა მათი ქცევა ან შეხედულება ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე? [ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს ლაბორატორიაში].

ყველაფერი იმის გააზრებას ეფუძნება, რომ ფაქტები დემოკრატიის ქვაკუთხედია. ხალხს სჭირდება ფაქტები, რათა არჩევნების თუ სხვა ადგილობრივი საკითხების დროს კოლექტიური გადაწყვეტილებები მიიღოს.

დეზინფორმაციის ახსნაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებთ. საუბრობთ ხოლმე მის დროულობაზეც. როგორ ფიქრობთ, გვეხმარება დროული ახსნა ამ გამოწვევაზე უკეთესი პასუხის გაცემაში? რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ ზოგჯერ ყალბი ცნობების გამოაშკარავებით, პირიქით მათ მეტად გავრცელებას და პოპულარიზებას შეეწყოს ხელი?

ვფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ სწორედ იქ, იმ დროს, როდესაც, სადაც დეზინფორმაცია ვლინდება. ეს ბევრად ეფექტურია, ვიდრე გარკვეული ხნის შემდეგ [რეაგირება]. ჩვენ გამუდმებით ვაწყდებით [იმ პრობლემას], რომ ყალბი ამბავი უფრო მეტ ადამიანამდე აღწევს, ვიდრე ჩვენ მიერ წარმოებული ამ სიყალბის გამომვლენი [ნარატივი]…

აუცილებელია, დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე წინ ვიყოთ. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა, დასავლური, თავისუფალი, ღია საზოგადოებები მაინც ჩამორჩებიან დეზინფორმაციის გამავრცელებლებს. ისინი ჩვენზე ორი ნაბიჯით წინ არიან. ჩვენ კი, დიდი ხანია, ვცდილობთ, დავეწიოთ მათ.

ჩვენ გვჭირდება, ასე ვთქვათ, ფაქტების პოპულარიზება. თუკი ამა თუ იმ დეზინფორმაციას ეპასუხები, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, მის რაღაც ნაწილს აღიარებ. ამიტომაც, აუცილებელია, დეზინფორმაციას ყოვლისმომცველად მივუდგეთ და ამ ყველაფერზე მაღლა აღმოვჩნდეთ.

რაც შეეხება რისკებს, ეს დიდი გამოწვევაა. როდესაც პირდაპირ ააშკარავებ დეზინფორმაციას, ამით მას ჟანგბადს აძლევ. მედია და სამოქალაქო საზოგადოება სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ პასუხისმგებლობას, რათა მის გავრცელებას უნებლიედ არ შევუწყოთ ხელი.

როგორ გამოიყენება ამგვარი ძალისხმევა სასურველი დღის წესრიგის გასატარებლად ან კონფლიქტების წასაქეზებლად? ვგულისხმობ, არა ყალბი ამბების შექმნა-გავრცელების სიტუაციას, არამედ არსებული სოციალურ-პოლიტიკური უთანხმოებისა და დამაპირისპირებელი საკითხების გამწვავებას?

ჩვენ შეგვიძლია არამხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის მაგალითზეც ვისაუბროთ. რა გაკვეთილიც ჩვენ ვისწავლეთ ისაა, რომ სხვა ქვეყნის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნე რიგითი მოქალაქეები არიან. მათ სურთ [საზოგადოებაში] პოლარიზაციის გამაძლიერებლის და ბიძგის მიმცემის როლი ითამაშონ. 2016 წელს ე.წ. სანკტ-პეტერბურგის ტროლების ქარხანაზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ [რუსები] თავად ქმნიდნენ ახალ ნარატივს, ახალი შინაარსის [გზავნილებს] და შემდეგ მას შეერთებულ შტატებში ელვის წარმატებით ავრცელებდნენ. ასევე ვნახეთ, რომ ისინი დროთა განმავლობაში ახალ ტაქტიკებს ითვისებენ. მაგალითად, 2018 წლის ამერიკის შუალედურ არჩევნებში ისინი უკიდურესად აქტიურები იყვნენ, მაგრამ ახალ მასალას კი არ ქმნიდნენ, არამედ ამოირჩევდნენ თვითონ ამერიკულ საზოგადოებაში არსებულ უკიდურესად პოლარიზებულ და დამაპირისპირებელ საკითხებს და აძლიერებდნენ მას.

ამგვარი საინფორმაციო ოპერაციების მიზანია დაახლოების მაგიერ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად [წაგვკიდოს და] დაგვაშოროს ერთმანეთს, ჩვენ, დემოკრატიულ [სისტემებში] მცხოვრებნი დაგვასუსტოს. ჩვენ ვართ მათი სამიზნე.

ჩვენ სწორედ ამ [კარტის] გათამაშებას ვხედავთ ახლა საქართველოში. [საქართველოში] მზარდი პოლარიზაციის [ტენდენციაა] და ძალიან სერიოზული საკითხები დევს სასწორზე, მათ შორის, ადამიანთა სიცოცხლეც. ჩვენ ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია ცდილობს ქართველები ერთმანეთის დააშოროს და არ დააახლოვოს.

როგორ ფიქრობთ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისას ან მანამდეც თუ ხდებოდა იგივე? რამდენად ხდებოდა იგივე უკვე 2014 წელს უკრაინის მოვლენებისას, მათ შორის, ყირიმის ანექსიის დროს?

სწორედ საქართველოს მსგავს ქვეყნებში განავითარა და დახვეწა რუსეთის ხელისუფლებამ საინფორმაციო ოპერაციათა ძალიან ბევრი ტაქტიკა. ახლა იმავე [სცენარის] გათამაშებას ვხედავთ არაერთ სხვა რეგიონშიც. 2008 წელი ძალზე ინფორმაციულია ჩვენთვის. რუსეთის საგარეო საინფორმაციო ოპერაციებზე საუბრისას უნდა ვიცოდეთ, რომ 2008 წლის [ომის] შემდეგ რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება (და შემდეგ გაამჟღავნა კიდეც ეს), რომ იგი მოიკოჭლებდა ომის წარმოებაში, რადგანაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიმართულებით პრობლემა ჰქონდა. RT-ისა და Sputnik-ის მმართველმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ 2008 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენების დროს ამ კუთხით ჩამორჩენა ჰქონდათ. მან ასევე აღნიშნა, რომ [სწორედ ამ ომის] შემდეგ, საინფორმაციო და მთავრობის მიერ მართული მედია-ოპერაციები რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებად განიხილება. ეს სიღრმისეულ ცოდნას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ რუსეთში არა მხოლოდ საქართველოს [საკითხს], არამედ ზოგადად გავლენის მოხდენის ოპერაციებს. რუსეთის მდიდარ არსენალში გავლენის მოხდენის ოპერაციები ერთ-ერთ ინსტრუმენტია იმისთვის, რომ სათვისი საგარეო პოლიტიკა ან მისი აგრესიის [პოლიტიკა] რეგიონის მასშტაბით აწარმოოს.

როგორ იქცა დეზინფორმაცია, კონკრეტულად კი ციფრული დეზინფორმაცია, ასეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ავტორიტარული რეჟიმების ხელში სხვა ქვეყანათა საქმეებში ჩასარევად?

დეზინფორმაცია რეჟიმების ხელში ნამდვილად არის ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენებში ჩასარევად. თუმცა, უნდა განვასხვავოთ სამი რამ. პირველი, ესაა საგარეო გავლენის ოპერაციები, რომლებსაც სახელმწიფო მიმართავს შინაარსის, გზავნილების შესაქმნელად, რომ ამით გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყანაზე. ეს შეიძლება იყოს იმ ტიპის საინფორმაციო სივრცე, როგორიცაა RT, Sputnik, ხელისუფლების მართული მედიასაშუალებები ან ტროლების ქარხნები თუ მსგავსი რამ. მეორე ესაა დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაციის გამიზნული გავრცელება, რაც გულისხმობს, რომ ამა თუ იმ მოქმედ პირს გამიზნული აქვს კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის მოტყუება. დეზინფორმაცია ეს ის პრობლემაა, რომელიც საზღვრებს არ ცნობს.

საგარეო გავლენის ოპერაციების უმეტესობა სწორედ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, შემდეგ [ეტაპზე] კი მის გასაძლიერებლად და ადგილობრივთაგან მეტად გასავრცელებლად ხორციელდება. დეზინფორმაციის სამიზნე ადგილობრივი აუდიტორიაა, რომელიც შემდეგ თავად ავრცელებს მას. ეს ყველაფერი განსხვავდება ისეთი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან (Misinformation – „სამოქალაქო საქართველოს“ შენიშვნა), როდესაც არაზუსტი სიახლე ვრცელდება კონკრეტული მავნე განზრახვის გარეშე. ეს განსხვავებული გამოწვევაა და განსხვავებულადვე უნდა მივუდგეთ მას.

თუმცა, ეს სიახლე არ იქნება საქართველოსა და მთლიანად კავკასიისათვის, სადაც ამ ყველაფერს დიდი ხანია უმკლავდებიან. მეტიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ მსოფლიოში ბევრ სხვას ასწავლონ რამე ამ მიმართულებით. თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს სულ უფრო და უფრო ეფექტური ტაქტიკაა. ამგვარი გავლენის ოპერაციების წარმოება სახელმწიფოს იმაზე ბევრად ნაკლები უჯდება, ვიდრე კონკრეტული კონფლიქტის ზონასა თუ სხვა ქვეყანაში ტანკების გაგზავნა იქნებოდა. ამდენად, ძალზე მცირე რესურსით ძალიან დიდი ეფექტის მიღწევა შეიძლება.

რა არის ის მთავარი, რასაც ავტორიტარული რეჟიმები დეზინფორმაციის გავრცელებით იღებენ? რას აღწევენ ისინი ამით?

კონტროლია თქვენი კითხვის პასუხი. ავტორიტარული რეჟიმებისათვის მნიშვნელოვანია, განამტკიცონ კონტროლი თავიანთი ქვეყნების მოსახლეობის კომუნიკაციის გზებსა და საერთაშორისო არენაზე არსებულ ნარატივებზე. ავტორიტარულ რეჟიმებს ეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებათ.

ავიღოთ რუსეთის მაგალითი. ისეთი კომპანიების მონაცემებით, როგორებიცაა „ტვიტერი“ ან „ფეისბუქი“, ჩვენ დავინახეთ, რომ წლების განმავლობაში „სანკტ-პეტერბურგის ტროლების ქარხნის“ მიერ გავრცელებული მასალების ყურადღების ცენტრში უკრაინა, საქართველო ან შეერთებული შტატები არ ყოფილა. ტროლების მთავარი ინტერესის საგანი მაინც რუსი ხალხი იყო. ამდენად, რაზე ამახვილებენ ყურადღებას ტროლები, მიგვანიშნებს მათ პრიორიტეტებზე. მათი პრიორიტეტი კი ძალზე არაპოპულარული ან არადემოკრატიული რეჟიმებისათვის შიდა მხარდაჭერის შენარჩუნებაა. ამდენად, ამ დეზინფორმაციის გავრცელებით ისინი რაღაც სარგებელს იღებენ, არ გავრცელებით კი რაღაცას კარგავენ.

ამ მხრივ, რა მთავარი გამოწვევები უდგას აღმოსავლეთ ევროპას, რომლის ქვეყნების მოსახლეობა ამ დეზინფორმაციის მნიშვნელოვანი სამიზნეა? რა უქმნის ნაყოფიერ ნიადაგს დეზინფორმაციის კამპანიებს?

გულწრფელად რომ გითხრათ, [ამ ნიადაგს ქმნის] ნებისმიერი დამაპირისპირებელი და საზოგადოების პოლარიზაციის მომტანი საკითხი, რომელიც ბევრ ინტერაქციას იწვევს. 2018 წლის ამერიკის შუალედური არჩევნებისას ისინი აძლიერებდნენ, ამწვავებდნენ ყველაზე პოლარიზებულ თემებს, გაღვივებულს როგორც ულტრამემარცხენეების, ისე – ულტრამემარჯვენეების მხრიდან, მათ შორის, ამწვავებდნენ ანტი-რუსული ნარატივის შემცველ თემებსაც კი. ალბათ ძალზე ირონიული დილის თათბირები ჰქონდათ მათ [სანკტ-პეტერბურგში]. ამგვარი ანტი-რუსული ინფორმაციის გავრცელებით, ისინი ჩვენ გვაკლებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, გავმკლავებოდით მას. იგივე რამე თამაშდება ახლა საქართველოშიც და ზოგადად, უფრო ფართო რეგიონშიც. ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკიდურესი პოლარიზაციის მომტანია, არის მოწყვლადი დეზინფორმაციის მიმართ; სამიზნე ამ დეზინფორმაციისა კი მოქალაქეები არიან.

როგორ ფიქრობთ, ეს საფრთხეები კვლავაც არაჯეროვნადაა შეფასებული? როგორ ფიქრობთ, რამდენად განიხილავენ ქვეყნები დეზინფორმაციას დიდი, ფართო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ან სტრატეგიის ნაწილად?

ვფიქრობ, საგარეო გავლენის ოპერაციებს ისევე სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როგორც ტრადიციული გაგებით დანახულ უსაფრთხოებას. ესაა ახალი ტიპის ომი ბრძოლის სხვადასხვა ველით და ეს მოიცავს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასაც.

დეზინფორმაციის გავრცელება, რაც არ უნდა მცირე ოპერაციის ნაწილი იყოს იგი, გამიზნულია ამფეთქებლის, კატალიზატორის როლის შესასრულებლად, ოპონენტის დასასუსტებლად. დეზინფორმაცია უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც საწამლავი ჭაში. ერთ წვეთ საწამლავსაც კი შეუძლია მთელი ჭის წყალი გააფუჭოს. ამ [ერთი წვეთი საწამლავის] მიზანია [უფრო მასშტაბური გაფუჭების] მასტიმულირებელი ეფექტი ჰქონდეს. ეს კი მოითხოვს ჩვენგან მეტი გამძლეობის გამოჩენას. შინაარსს შინაარსით ვერ დაუპირისპირდები, ამას სხვანაირი სტრატეგია სჭირდება.

დეზინფორმაცია ის საკითხია, რომლის მოგვარებაც ჩვენგან კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს. ყველას ჩვენი როლი გვაქვს ამ პროცესში, მათ შორის, მთავრობას, პოლიტიკის შემოქმედთ, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას. თუმცა ვფიქრობ, ამ პროცესში, რასაც ჩვენ ციფრულ მედეგობას (digital resilience) ვუწოდებთ ყველაზე დიდი როლი მოქალაქეებს აქვთ. მოქალაქეები ვალდებულნიც კი არიან, ინფორმირებულნი იყვნენ. ეს გულისხმობს, რომ მოქალაქე აქტიურად ღებულობდეს მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესში, ეს გულისხმობს, შეგეძლოს ინფორმაციის სხვა წყაროს გადამოწმება, დარწმუნდე, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას ნამდვილად შენ ღებულობ და რომ სასარგებლო წევრი ხარ შენი საზოგადოებისა, რომ შეგიძლია ამ დისკურსში მონაწილეობის მიღება.

როგორ ფიქრობთ, დეზინფორმაციის ამგვარმა მასშტაბმა და ეფექტურობამ, შეცვალა თუ არა საბოლოოდ ჩვენი დამოკიდებულება ციფრული სამყაროს მიმართ? საბოლოოდ დავკარგეთ ნდობა?

ვფიქრობ, ტექნოლოგიები გამუდმებით იცვლება და მათ ამ განვითარებასთან ერთად იცვლება ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობის გზებიც. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ ამ განვითარებით გამოწვეული შესაძლებლობებისგან რაც შეიძლება მეტი მივიღოთ და ამავე დროს, რისკებიც მაქსიმალურად შევამციროთ. რეიგანის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ენდე, მაგრამ შეამოწმე“. ყველანი ცოტათი უფრო მეტად სკეპტიკურები უნდა ვიყოთ. სკეპტიციზმის ჯანსაღი რაოდენობით ქონა საჭიროა.


მასალა სამოქალაქო საქართველოსთვის (Civil.ge) ამერიკის ხმამ მოამზადა. მასალაზე ნებართვისა და სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადამ გარტნერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)