ხაზარაძე და ჯაფარიძე საელჩოებს და ივანიშვილს მიმართავენ
თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომლებსაც ბრალი ფულის გათეთრებაში ედებათ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლება „პოლიტიკურ დევნაში“ დაადანაშაულეს, „მეგობარი ქვეყნების“ საელჩოებს მათ ირგვლივ მიმდინარე პროცესში „აქტიური ჩართვისკენ“ მოუწოდეს, ასევე – კვლავ დაადასტურეს თავიანთი გეგმები ანაკლიის პორტის პროექტის ბოლომდე მიყვანისა და პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შესახებ.
ბრალდებები „პოლიტიკური დევნის“ შესახებ
„პოლიტიკურ დევნაზე“ საუბრისას, ბადრი ჯაფარიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, „ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში“, ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს მიმართა წერილით, რომელშიც გამოთქვამს ეჭვს, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე, შესაძლოა, ბრიტანეთში „კრიმინალური წარმოშობის“ ფულად სახსრებს ფლობდნენ.
ჯაფარიძის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ბრიტანეთს ასევე გადასცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი და ხაზარაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ, რასაც შემდგომში ბრიტანეთში მათი „კანონიერი სახსრების ბლოკირება“ მოჰყვება. ჯაფარიძემ იქვე აღნიშნა, რომ ის და ხაზარაძე „დიდი სიამოვნებით ითანამშრომლობენ“ ბრიტანულ სამსახურებთან და გამოთქვა მზადყოფნა, „თითოეული ფუნტის კანონიერება“ დაამტკიცონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ შევხედოთ ამას როგორც ერთ-ერთ რუტინულ საქმეს, არამედ შევხედოთ როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს, რომ ჩვენ არ დავუშვათ პროკურატურის, სასამართლოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყენება პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნის ინსტრუმენტად, და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გამოვრიცხოთ“, – თქვა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ამისათვის „აუცილებელია“, საქართველოს „მეგობარი ქვეყნების“ – გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის და ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების საელჩოები „მთლიანად ამ პროცესში“ აქტიურად ჩაერთონ, ამ „შეთითხნილი საქმის არსში“ გაერკვნენ და „თავიანთი დასკვნები“ დადონ.
„ჩვენ არ გვეშინია! ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას! ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ეს რეალობა, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი და კლავს ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.
ანაკლიის პორტი და „ღია საუბარი“ ბიძინა ივანიშვილთან
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ საუბრისას, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მისი თანაგუნდელები „დღე და ღამე მუშაობენ“ იმისათვის, რომ ეს პროექტი „გამარჯვებამდე“ მიიყვანონ, რაც, პირველ რიგში, შესაბამის კორპორაციებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში უნდა გამოიხატოს.
მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ ანაკლიის პროექტს ფინანსური პრობლემები შეექმნას, თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა შეფერხდეს და პორტის მშენებლობისთვის აღებული კრედიტების გასტუმრება გაძნელდეს.
„ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, ან თქვენთან ერთად, ან თქვენ გარეშე“, – მიმართა ხაზარაძემ ხელისუფლებას და კვლავ გაიმეორა, რომ ის და ჯაფარიძე ანაკლიის პროექტში მხოლოდ „დამფინანსებლების“ სტატუსით რჩებიან.
ხაზარაძის განცხადებით, ისევე როგორც თიბისი ბანკის შემთხვევაში, ანაკლიის კონსორციუმშიც მას და ჯაფარიძეს აქციების „საკონტროლო პაკეტი“ არ ექნებათ, რადგან „გუნდური მოთამაშეები“ არიან და ახალ ინვესტორებს იზიდავენ, რათა საქართველო „მრავალფეროვანი და მრავალინტერესიანი ქვეყანა გახდეს“.
ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „რადგანაც საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა ანაკლიასთან დაკავშირებით“, ის „ღიად საუბრისათვის“ სატელევიზიო დებატებში ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს იწვევს.
- 17/07/2019 – ივანიშვილი მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
- 10/04/2019 – ივანიშვილი სასამართლო სისტემაზე, TBC ბანკზე, ოპონენტებსა და ყოფილ თანაგუნდელებზე
„ვისაუბროთ ღიად, რა წინაპირობა ჰქონდა [ანაკლიის პროექტს], რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები იყო, რომელიც საზოგადოებამ არ იცის, და, ერთხელ და სამუდამოდ, ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას, პირდაპირი ურთიერთობების გზას და ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
პოლიტიკური გეგმები და ახალგაზრდების „უზარმაზარი არმია“
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და კვლავ დაადასტურა, რომ ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.
მისი თქმით, ამ საზოგადოებრივი მოძრაობის მიმართ „ძალიან დიდი ინტერესია“ და მას უერთდება იმ „პროფესიონალების, ახალგაზრდების უზარმაზარი არმია“, რომლებსაც არ უნდათ ცხოვრება „უიმედო ქვეყანაში“, უნდათ, რომ „აქ ქართველი კაცის ყველაზე მთავარი რამ – სილაღე დაბრუნდეს“ და გაჩნდეს „საფუძველი იმისა, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა“.
„მე გპირდებით, ამ რეალობას, რომელიც დღეს არის, იმ გულანთებულ ახალგაზრდებთან ერთად შევცვლით“, – აღნიშნა ხაზარაძემ და განმარტა, რომ მის პოლიტიკურ გუნდში არა „ცნობილ პოლიტიკოსებს“, არამედ „ტექნოკრატებს“, სხვადასხვა სამინისტროში მუშაობის გამოცდილების მქონე „პროფესიონალებს“ ელიან.
საგამოძიებო უწყება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად 2019 წლის 24 ივლისს, საქმის აღძვრიდან თითქმის ერთი წლის თავზე ოფიციალურად წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება შეუზღუდა.
ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მათი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორებას უკავშირებს. მმართველი გუნდი კი, დაწყებული გამოძიების ანაკლიის პროექტთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებიდან მალევე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკში დაკავებული ყველა თანამდებობა დატოვეს. ამასთან, მათივე განცხადებით, აგვისტოს ბოლოს, ისინი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებულ პოსტებსაც დატოვებენ.
პარალელურად, თიბისი ბანკისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა.
თიბისი ბანკის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)