სასამართლომ ავთანდილ წერეთელს გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 აგვისტოს სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამას ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს 500 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ მას ამ გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონდა. მისივე შეფასებით, მოსამართლემ „ის ქნა,რაც უთხრეს“ და წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება წაიკითხა. მისივე თქმით, იგი მისთვის შეფარდებული გირაოს თანხას არ გადაიხდის. მანვე აღნიშნა, რომ პროცესის მიზანი ტელეკომპანია პირველის „განეიტრალებაა“, თუმცა დასძინა, რომ მას ტელევიზიას „ვერავინ წაართმევს“.
პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას „ტელეკომპანია პირველს“ უკავშირებს ავთანდილ წერეთლის ვაჟი ვატო წერეთელიც. მისი შეფასებთ, პროკურატურის მთავარი მიზანი მისთვის „ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა“ და შემდეგ „მისი თავისუფლებით ვაჭრობაა“. „არ გამოვა!!! ტვ პირველი არ იყიდება!!! თავისუფლება არ იცვლება!!!“, – წერს იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
სასამართლო პროცესის დასრულებამდე მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ბიზნესში აღარ არიან, სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათ გირაოს სანაცვლოდ „ტელეკომპანია პირველის“ შენობის ჩადება მოუწევთ. დღესვე ვატო წერეთელი, მისი ოჯახის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
გენერალური პროკურატურა თიბისი ბანკში 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის კანონთან შესაბამისობას იძიებს და ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 16.7 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებას ედავება. აღნიშნულ საქმეზე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ოფიციალურად წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)