ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოში
ერგნეთში დღეისათვის დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრისა და ჟენევაში 8-9 ოქტომბერისათვის დანიშნული საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის წინ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობენ.
28 აგვისტოს თანათავჯდომარეები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებას გაეცნენ და განცხადება გაავრცელეს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის ტერიტორიაზე ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა „ადგილზე დაძაბულობა გაზარდეს და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ხასიათის შედეგები იქონიეს“.
თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ „ზღუდეების გავლების ყველა ასეთი შემთხვევის მსგავსად, ახალად აღმართული კონსტრუქციებიც იქ მცხოვრები ადამიანებისათვის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, ხეხილის ბაღებში შესვლას აბრკოლებს და საფრთხეს უქმნის სარწყავ წყალზე წვდომას“.
თანათავმჯდომარეების განცხადებით, მათი ვიზიტი „ნაწილია უწყვეტი ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია ამ და სხვა მოვლენების შესაძლო შედეგებთან გამკლავებაზე“.
„ჩვენ ყველა მხარესთან კონტაქტზე ვართ და ვიქნებით, რათა გავამახვილოთ მათი ყურადღება ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე და მოვუწოდოთ მათ, რომ სრულად და პასუხისმგებლობით გამოიყენონ კომუნიკაციის არსებული მექანიზმები მიმდინარე და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად“, – აცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
„ბოდერიზაცია“ დაგმეს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვებმა.
28 აგვისტოს, ჟენევის საერთაშორისო დიკუსიების თავმჯდომარეებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთანაც გამართეს.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ერგნეთის IPRM-ის შეხვედრაზეც და ჟენევის საერთაშორისო დიკუსიების უახლოეს რაუნდზე „იქნება მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შეჩერება“.
მისივე თქმით, საქართველო ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს ფარგლებში ყველა არსებულ საშუალებას და ფორმატს გამოიყენებს, რათა „მომავალში თავიდან იქნას აცილებული უკანონო ქმედებები“.
- საქართველოს და ლიეტუვას პრეზიდენტებმა ვილნიუსში „ბორდერიზაცია“ განიხილეს
- მოგერინიმ და ზალკალიანმა სატელეფონო საუბრისას „ბორდერიზაციის“ პროცესი განიხილეს
იმავე დღეს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრამდე, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან გამართა, რომელთანაც ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და აფხაზეთში გამართული „საპრეზიდენტო არჩევნები“ განიხილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)