სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ ტექნიკური შეხვედრა გაიმართა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე სოფელ წნელისის მახლობლად ქართული საპოლიციო პოსტის მოწყობასთან დაკავშირებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, თბილისის, ცხინვალისა და მოსკოვის წარმომადგენელებმა დღეს სოფელ წნელისში ტექნიკური შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებისა“, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპოლიციო პოსტის თაობაზე მორიგი ტექნიკური შეხვედრა მომდევნო კვირის დასაწყისში, სოფელ ერგნეთში გაიმართება. მხარეები შეხვედრის ზუსტ დროზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით შეთანხმდებიან.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ ქართული საგუშაგოს ადგილმდებარეობა ამ დროისთვის უცვლელი რჩება და ქართველი პოლიციელები „უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებენ ისე, როგორც ამას წინა დღეებში აკეთებდნენ“. მათივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს.
„შეხვედრაში მონაწილე ყველა წარმომადგენელი იზიარებს იმ პათოსს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო კონსტრუქციულ ჭრილში და ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ის იქნება, რომ შემდეგ კვირაში კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ტექნიკურ შეხვედრაზე“, – განუცხადა ჩორჩანას საგუშაგოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ.
წნელისში დღეს „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი, „პარლამენტის“ წევრებთან და რეგიონის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად ჩავიდა. ოსური საინფორმაციო სააგენტოს „რეს“-ის ცნობით, ბიბილოვმა „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს“ წნელისში საგუშაგოს მოწყობა დაავალა, რათა „სოფლის მკვიდრები თავს დაცულად გრძნობდნენ“.
„სოფლის მთელ პერიმეტრზე ჩვენი მესაზღვრეები განლაგდებიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოსტი [ქართული საგუშაგო] აღებულ იქნას“, – მოჰყავს ბიბილოვის სიტყვები რუსულ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკს“. „სპუტნიკისვე“ ცნობით, ბიბილოვმა განაცხადა, რომ საკითხი დიპლომატიური მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.
წნელისის შეხვედრის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, ცხინვალში რამდენიმე განცხადება გავრცელდა. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ საქართველოს ხელისუფლება დესტაბილიზაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის პირდაპირი საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.
განცხადება „სამხრეთ ოსეთის პარლამენტმაც“ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, აღიკვეთება ყველა შესაძლო მეთოდით, მათ შორის ძალისმიერი მეთოდითაც“.
წნელისის შეხვედრის მიმდინარეობისას, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას დღეს სოხუმიც გამოეხმაურა.
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ მოუწოდა თბილისს, უარი თქვას „კონფლიქტის პროვოცირებაზე მიმართულ კურსზე“. სოხუმმა საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარების საჭიროებას გაუსვა ხაზი და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, საქართველოს ხელისუფლებაზე „აუცილებელი ზემოქმედება განახორციელონ“.
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ ასევე გამოთქვა მზადყოფნა ცხინვალთან ორმხრივი კონსულტაციებისა და კოორდინირებული მოქმედებებისათვის, „კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ეფექტიანი ზომების მისაღებად“.
28 აგვისტოს, ოსმა „მესაზღრეებმა“ ჯავშანტექნიკის გამოყენებით სოფლების წნელისისა და გვირგვინას სიახლოვეს რეიდი ჩაატარეს, რასაც ადგილზე „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა.
29 აგვისტოს კი, ცხინვალმა სოფლების – წნელისისა და ჩორჩანას – მახლობლად „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ (ომონ) და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურის დანაყოფები შეიყვანა. 30 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩნას სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო შეშფოთება გამოთქვა და საეთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის გამო, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა გუშინ გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე ულტიმატუმი წამოაყენეს და თბილისს საპოლიციო პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ზომების გატარებით და IPRM-ის ფორმატის ჩაშლით დაიმუქრნენ.
საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა არ შეასრულა. დღეს დილიდან ჩორჩანაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ ადგილზე მშვიდი ვითარება დახვდათ. მოგვიანებით კი, ისინი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, წნელისში ტექნიკური შეხვედრაზე დასასწრებად გაემართნენ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები მუდმივად, 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა-წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით.
ასევე წაიკითხეთ:
- –
- –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)